ინფექციონისტი მოსახლეობას მიმართავს

მაია ბუწაშვილი

ზაფხულში კურორტებიდან დაბრუნებულ პაციენტებში ნაწლავური ინფექციებისა და დიარეის შემთხვევები განსაკუთრებით ხშირდება. ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი სეზონის ძირითად გამოწვევებზე, არასწორი თვითმკურნალობის რისკებზე, ანტიბიოტიკებისა და გადასხმების მცდარ პრაქტიკაზე ამახვილებს ყურადღებას და განმარტავს, თუ როდის არის აუცილებელი ექიმთან მიმართვა.

„წელსაც, ისევე როგორც ზაფხულში ზოგადად, უამრავი ადამიანი ბრუნდება კურორტებიდან დიარეით (განსაკუთრებით ზღვისპირეთიდან). სტატისტიკურ მონაცემებს ვერ წარმოვადგენ და ერთი რიგითი ინფექციონისტის პაციენტები სტატისტიკური ანალიზისთვის ვერ გამოდგება, მაგრამ ჩემს დაკვირვებას გაგიზიარებთ, რომ ამ ზაფხულს უფრო დიდ პრობლემად გადაიქცა ნაწლავური ინფექციები, ვიდრე გასულ წლებში. თუმცა კარგი იქნებოდა დაავადებათა კონტროლის ცენტრი პერიოდულად გვიზიარებდეს მონაცემებს, რომელი ნაწლავური ინფექციები დომინირებს ამ სეზონზე და ამ მხრივ რომელი კურორტები უფრო მაღალი რისკის შემცველია.იმ მონაცემებს, რომელი ინფექციებია ამ სეზონზე დიარეის გამომწვევი, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს კლინიკური მართვისთვის - ვირუსულ, ბაქტერიულ და პარაზიტულ დაავადებებს სხვადასხვანაირი მართვა ჭირდება და როდესაც ექიმმა ანალიზის პასუხების მიღებამდე ეპიდემიოლოგიური სიტუაცია იცის, ანუ რომელი ინფექციის ალბათობაა მაღალი, ეს მას ძალიან ეხმარება.დიარეული დავადებების დროს უნდა ჩატარდეს განავლის შესაბამისი გამოკვლევები. წელს ხშირია სალმონელები, თუმცა ნაწლავური ვირუსული ინფექციებიც გვხვდება.თვითნებურად არ უნდა იქნას დაწყებული ანტიბიოტიკოთერაპია (დიაგნოსტიკას ართულებს და ასევე ზოგჯერ დიარეულ დაავადებას ამძიმებს).არ არის საჭირო გადასხმა, თუ პაციენტი სითხეს ადექვატურად იღებს. გადასხმა სითხის ერთჯერადი შევსებაა და გადაუდებელ შემთხვევებში გამოიყენება, როცა სითხეს ვერ იღებს ან დეჰიდრატაციის (გაუწყლოების) სიმპტომებია. ეს ვერ შეცვლის სითხის მიღების საჭიროებას და პაციენტმა დღის განმავლობაში სითხის დალევა გადასხმის მერეც უნდა გააგრძელოს.არ არის საჭირო უამრავი პრობიოტიკის, “კუჭის წამლის” და სხვადასხვა გაურკვეველი ჩვენების მედიკამენტის მიღება, რასაც ხშირად ერთდროულად ან ხან ერთს, ხან მეორეს, ქაოსურად იღებენ პაციენტები და ამდენი წამლით კიდევ უფრო ტვირთავენ ანთებად საჭმლის მომნელებელ სისტემას.“აბა წამალი არაფერი არ უნდა”? - უმრავლეს შემთხვევაში არ უნდა და სიმპტომები მაინც გაივლის. არადა, რომელიმე წამალს ან გადასხმას უმადლიან ხოლმე და გონიათ რომ ამან “უშველა”.მნიშვნელოვანი და საყურადღებო სიმპტომები, რომლის დროსაც სამედიცინო დახმარება აუცილებელია: სისხლიანი განავალი; ჭარბი ძილიანობა; ცნობიერების დაბინდვა/ცვლილება; შეუპოვარი ცხელება, რომელიც სტანდარტულ სიცხის დამწევებს არ ემორჩილება, მუცლის ძლიერი, შეტევითი ტკივილი.მხოლოდ იმიტომ, რომ პაციენტს სიცხე აქვს, აღებინებს ან ფაღარათი აქვს, სასწრაფოს გამოძახება არ არის აუცილებელი და არც სტაციონარში გადაყვანა (განსაკუთრებით თუ პაციენტი ჯანმრთელი ახალგაზრდაა), რაც ძალიან ხშირი სცენარია.გამონაკლისს წარმოადგენენ ჩვილი ბავშვები, მოხუცები, ქრონიკული დაავადებების მქონე პირები, სადაც ჰოსპიტალიზაცია ხშირად შეიძლება მართლაც აუცილებელი გახდეს.და კიდევ ბევრჯერ გავიმეორებ, დიარეულ დაავადებას არ ჰქვია “ენტეროვირუსი” და მართლა უხერხულია უკვე.“ წერს ექიმი.