ექიმის საგანგებო გაფრთხილება ტატუს მელანზე - „ლიმფურ კვანძში ანთებას იწვევს და ვაქცინებზე იმუნურ პასუხს ცვლის“

ტატუ

ექიმი ნუტრიციოლოგი, კვების ეროვნული ცენტრის დირექტორი მარი მალაზონია გადაცემაში „პირადი ექიმი მარი მალაზონია“ ტატუს მელნის შესაძლო გავლენებზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ ტატუს პიგმენტებმა შესაძლოა ორგანიზმში გარკვეული რეაქციები გამოიწვიოს.

მისი თქმით, ტატუს მელანი ლიმფურ კვანძებში გროვდება, რაც ანთებით პროცესებთან და იმუნური პასუხის ცვლილებასთან შეიძლება იყოს დაკავშირებული.

„ტატუს მელანი ლიმფურ კვანძში ანთებას იწვევს და ვაქცინებზე იმუნურ პასუხს ცვლის. ტატუს ანუ სვირინგის მდგრადობას საღებავის პიგმენტი განაპირობებს, რომელიც ადამიანის სხეულის შიგნით არსებულ ბიოლოგიურ სითხეებს ძალიან ძნელად ერევა.

შავი პიგმენტი ძირითადად ნახშირიდან მიიღება, ხოლო ფერადი პიგმენტების შემთხვევაში საქმე საწარმოო წესით მიღებულ ორგანულ ნაერთებთან გვაქვს. საგულისხმოა, რომ თავდაპირველად ეს პიგმენტები პლასტმასის, სხვადასხვა ლაქის ან საღებავის წარმოებისთვის იყო გამიზნული, რის გამოც ტატუს მელნის უსაფრთხოება და ტოქსიკურობა მეცნიერებში დავას მუდმივად იწვევდა,“ — აცხადებს მარი მალაზონია.