1754511189
ძაღლები სტრესთან გამკლავებაში, შესაძლოა, მეგობრებზე უკეთ გვეხმარებოდნენ - რა აჩვენა კვლევამ

2022 წლის კვლევაში გამოკითხულთა მესამედმა განაცხადა, რომ სტრესის გამო უმეტესად "სრულიად გადაღლილები" არიან. რამდენიმე სხვა კვლევის მიხედვით კი სტრესის მაღალი დონე ჯანმრთელობის მრავალ პრობლემას — მათ შორის კიბოს, დემენციასა და გულის დაავადებებს — უკავშირდება.
მიმდინარე დაკვირვებების ფონზე ნაკლებად სავარაუდოა, რომ საზოგადოებაში სტრესის დონე ბუნებრივად შემცირდეს. ბევრი მეცნიერი მოსახლეობის ფსიქიკური ჯანმრთელობის მხრივ მნიშვნელოვან უკუსვლასაც კი პროგნოზირებს.
ამ მიზეზების გამო, სტრესის დონის დასარეგულირებლად მარტივი და ეფექტიანი მეთოდების შემუშავება ძალიან სასარგებლო იქნებოდა. ერთ-ერთი ასეთი ხერხი ძაღლებთან ურთიერთობას გულისხმობს.
დენვერის უნივერსიტეტის მეცნიერები ადამიანებსა და ცხოველებს შორის ურთიერთობას იკვლევენ. ისინი მიიჩნევენ, რომ შინაური ცხოველის ყოლას უამრავი დადებითი მხარე აქვს და მათ შორის ერთ-ერთი სტრესის დონის შემცირებაა.
უკანასკნელი 40 წლის განმავლობაში ათობით კვლევამ დაადასტურა, რომ ძაღლები ადამიანების მენტალურ ჯანმრთელობაზე დადებითად ზემოქმედებენ. ბოლო პერიოდში ძაღლების შინაურ ცხოველებად აყვანის გახშირებული ფენომენიც, ალბათ, სწორედ ამ მიზეზით აიხსნება.
2024 წლის კვლევის მიხედვით ირკვევა, რომ ძაღლებს ადამიანებზე იმაზე გაცილებით უფრო ღრმა და ბიოლოგიურად რთული გავლენა აქვთ, ვიდრე გვეგონა. ამ ეფექტს, შესაძლოა, ადამიანების ჯანმრთელობაზე ძალიან მნიშვნელოვანი ზემოქმედება ჰქონდეს.
ჩვენი ორგანიზმი სტრესზე სხვადასხვა ფიზიოლოგიური პროცესის გამართული და კოორდინირებული მუშაობით რეაგირებს. ძაღლებთან ურთიერთობის შესახებ ბოლო პერიოდში ჩატარებული კვლევები ძირითადად მხოლოდ ერთ ასეთ ფიზიოლოგიურ პროცესზე ფოკუსირდებოდა. ამ ნაშრომში კი მრავალი ბიოლოგიური მაჩვენებლის შეფასების გამო, უფრო ფართო სურათია ნაჩვენები.
მეცნიერებმა ორგანიზმის მიერ სტრესზე რეაგირების ორი გზა შეისწავლეს. ესენია: ჰიპოთალამურ-ჰიპოფიზურ-ადრენალური (HPA) და სიმპატოადრენალურ-მედულარული(SAM) სისტემები. მაშინ, როდესაც ადამიანი სტრესის ძლიერ მოზღვავებას გრძნობს, SAM სისტემა სწრაფად იწყებს მოქმედებას. იგი ე.წ. "ბრძოლისა და გაქცევის" რეჟიმს ააქტიურებს, რაც ადრენალინისა და ენერგიის მატებაში ვლინდება. ამ პროცესების დაფიქსირება ალფა-ამილაზას დონის გაზომვით შეიძლება, ამიტომ მას SAM სისტემის ბიომარკერს უწოდებენ.
HPA სისტემა კი უფრო ნელა, მაგრამ ხანგრძლივად მოქმედებს და კორტიზოლის გამოყოფას აძლიერებს. ეს ორგანიზმს საათობით ან დღეობით გაგრძელებულ საფრთხეებთან გამკლავებაში ეხმარება. სტრესის დროს გამოყოფილი კორტიზოლი საბოლოოდ ბიოქიმიურ პროცესებში გადადის და ორგანიზმის უკურეაქციას განსაზღვრავს. ამის გამო, მკვლევრები მას ხშირად სტრესის ინდიკატორად ან გასაზომად იყენებენ, ანუ კორტიზოლი HPA სისტემის ბიომარკერია.
ადამიანებისთვის სტრესი არასასიამოვნო, მაგრამ საჭირო მექანიზმია. ის ჩვენს წინაპრებს მოულოდნელ საფრთხეებთან გამკლავებაში ეხმარებოდა. ამის მიუხედავად, ორგანიზმის მიერ სტრესზე გადაჭარბებული ან არასაკმარისი რეაქცია საზიანოა და ამ შემთხვევაში ოქროს შუალედის დაცვა აუცილებელია.
ბევრმა კვლევამ აჩვენა, რომ ძაღლის თანდასწრებით მომხდარი სტრესული სიტუაციის დროს ადამიანებს კორტიზოლის დონე უფრო ნაკლები აქვთ, ვიდრე მარტო ან სხვა ადამიანთან ყოფნისას ექნებოდათ. საინტერესოა, რომ უმეტეს შემთხვევაში სტრესთან გამკლავებაში დახმარებისას ძაღლები მეგობრებზე უფრო "ეფექტიანები" აღმოჩნდნენ.
"საინტერესო შედეგის მიუხედავად, ჩვენ ვიფიქრეთ, რომ სურათი არასრული იყო. შესაბამისად, სტრესის სტანდარტულ ლაბორატორიულ ტესტირებებში დამატებით ძაღლის 40 პატრონი ჩავრთეთ. ეს ტესტი საჯარო გამოსვლასა და მათემატიკურ დავალებას მოიცავდა. მონაწილეთა ნაწილს ძაღლი თან ახლდა, ნაწილს კი — არა", — წერენ კვლევის ავტორები.
მეცნიერებმა ტესტირებისას ორივე სისტემის ბიომარკერი, ანუ კორტიზოლი და ალფა-ამილაზა, გაზომეს. როგორც მოსალოდნელი იყო, ოთხფეხა მეგობართან მყოფ მონაწილეებს კორტიზოლის დონე ნაკლებად გაეზარდათ, მაგრამ ასევე მათთან ალფა-ამილაზას მკაფიო მატებაც დაფიქსირდა. ეს ფაქტი სტრესულ სიტუაციაში სიფხიზლის შენარჩუნებას ნიშანია.
მარტო მყოფ მონაწილეებს ალფა-ამილაზას მატება თითქმის არ აღენიშნათ. ასე გადამეტებული სტრესის განცდის დროსაც ხდება ხოლმე და ეს ფაქტი სტრესზე რეაგირების სისტემის დარღვევაზე მიგვანიშნებს.
"საბოლოოდ, ძაღლთან მყოფმა ადამიანებმა სტრესზე რეაგირების იდეალური მექანიზმი გამოავლინეს — კორტიზოლი ზომიერად გაიზარდა და ალფა-ამილაზა გააქტიურდა. ამით დასტურდება, რომ ძაღლის პატრონები მოსალოდნელი საფრთხისას კონცენტრირებულნი არიან და ცრუ განგაშის შემთხვევაში დამშვიდებაც სწრაფად შეუძლიათ", — ამბობენ მკვლევრები.
ეს შედეგები მიუთითებს, რომ ძაღლი სტრესულ სიტუაციებში გამკლავებაში შეიძლება ერთ-ერთი ყველაზე სანდო კომპანიონი იყოს.