8 საკვები, რომელიც ბავშვს ყველაზე მეტად სჭირდება - გიორგი ღოღობერიძის რჩევები

გიორგი ღოღობერიძე

ექიმი გიორგი ღოღობერიძე ასახელებს 8 საკვებს, რომელიც ბავშვის სხეულს ყველაზე მეტად სჭირდება. 

მისი თქმით, დილის საათებში სასურველია კვერცხისა და იოგურტის მიღება.

,,კვერცხის ცილა იდეალური საკვებია ბავშვისთვის. კვერცხში ყველაფერია, რაც სჭირდება ბავშვის სხეულს განვითარებისთვის. მასში არის ვიტამინი B12, რაც ნერვულ სისტემას სჭირდება და ასევე, ნივთიერება ქოლინი, რაც არის თავის ტვინის ნეირომედიატორი. 

იოგურტში დიდი რაოდენობით არის კალციუმი და ფოსფატები. იმისთვის, რომ კბილები და ძვლები ჩამოყალიბდეს, იოგურტი კარგი გამოსავალი იქნებოდა. იოგურტს ბონუსიც აქვს, მასში საკმარისი რაოდენობით არის პრობიოტიკები, რომელიც ბავშვის მსხვილ ნაწლავს სწორი ბაქტერიოფლორით ასახლებს, ეს კი, ბავშვს სჭირდება იმისთვის, რომ მისი იმუნური სისტემა იყოს სწორად განვითარებული", - ამბობს მედიკოსი. 

ექიმი მშობლებს ურჩევს, სკოლაში ბავშვებს ბანანის, სტაფილოსა და ავოკადოს დაბლენდერებული მასა გაატანონ.

,,სტაფილოში არის A ვიტამინი, რაც ეხმარება თვალის ბადურას იმისთვის, რომ კარგად დაინახო ყველაფერი. 

გარდა ამისა, სტაფილოში არსებული A ვიტამინი კანსაც ეხმარება გამონაყართან ბრძოლაში. 

სტაფილოს გარდა, გვჭირდება ბანანიც, მასში არსებული მარტივი ნახშირწყლები იდეალური გამოსავალია, გარდა ამისა, მასში კალიუმიც არის. მასში ბევრი B ვიტამინია, ის ბავშვს ეხმარება გონება განწყობის შენარჩუნებაში. 

ავოკადოში არის ამინომჟავები ძალიან დიდი რაოდენობით - ცილოვანი საკვების კუთხით ავოკადო იდეალურია", - ამბობს ექიმი. 

მისივე თქმით, იმისთვის, რომ ორგანიზმში რკინა საკმარისი რაოდენობით იყოს, ბავშვმა ხორცი უნდა მიიღოს.

,,წითელი ხორცი, რაც რკინას შეიცავს, ასევე, შეგიძლიათ ჩაანაცვლოთ მარცვლეულით.

ქათმის ხორცშიც არის საკმარისი რაოდენობით რკინა, თუმცა მასში არის ვიტამინი B 6, ეს საჭიროა იმისთვის, რომ მიირთმევთ ნახშირწყლებს, ცხიმებს, მათგან ეს ენერგია ამოიღოთ, ამაში გვეხმარება ვიტამინი B 6. 

საღამოს საათებში, შეიძლება მისცეთ წითელი კარტოფილი. მასში ძალიან დიდი რაოდენობით არის ბოჭკო, რაც ეხმარება მსხვილ ნაწლავს, გარდა ამისა, მასში დიდი რაოდენობით არის კალიუმი, რაც სჭირდება ბავშვს, რომ მისი კუნთოვანი და ნერვული ქსოვილი სწორად განვითარდეს", - ამბობს გიორგი ღოღობერიძე.