ზვიად შალამბერიძე: შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ერთპარტიული მმართველობა იქნება ჩვენს ქვეყანაში. ცალსახად, „ქართული ოცნება“ მისცემს ასპარეზს იმ ჯანსაღ ძალებს, რომლებიც გადაწყვეტენ იყვნენ ოპოზიციაში

იმერეთის სახელმწიფო რწმუნებული

 „ქართული ოცნება“ და საქართველოს ხელისუფლება არაფერს და არავის კრძალავს. მივმართეთ საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელით, ხოლო საკონსტიტუციო სასამართლო რა გადაწყვეტილებას მიიღებს, ვნახავთ მაქსიმუმ 9 თვის განმავლობაში. ასე რომ, მოვუწოდებ ყველას, დაანებონ თავი სპეკულაციებს, იმიტომ რომ ეს შეიძლება აღქმული იყოს, როგორც ზეწოლა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოზე და არა „ქართულ ოცნებაზე“, - განაცხადა ზვიად შალამბერიძემ „დღის ქრონიკაში.

მისივე თქმით, მმართველი გუნდი ყოველთვის იბრძოლებს ისეთი პარტიების ასაკრძალად, რომლებიც ძირს უთხრიან კონსტიტუციურ წყობილებას და ქვეყანაში ომისა და არეულობის პროპაგანდას ეწევიან. დეპუტატი ​დარწმუნებულია, რომ არცერთი დემოკრატიული სახელმწიფო არ იქნებოდა ასეთი პარტიების არსებობის მსურველი და ამის არაერთი პრეცედენტი არსებობს. მაგალითად შალამბერიძემ საფრანგეთში, გერმანიაში, ბელგიაში, უკრაინასა და მოლდოვაში კონკრეტული პარტიების აკრძალვა მოიყვანა, რასაც, მისი თქმით, დასავლელი პარტნიორებისგან საპროტესტო განცხადებები არ მოჰყოლია.

„სამწუხაროდ, გვიწევს ორმაგი სტანდარტის ფაქტის ხილვა, რაც არაერთხელ იყო საქართველოს მისამართით და სამწუხაროა, რომ მომავალშიც გვექნება ორმაგი სტანდარტის ფაქტების მოსმენის შესაძლებლობა. მომავალში, რასაც სახელმწიფო მიიღებს ამ პარტიების აკრძალვით, იქნება ის, რომ ასპარეზი შეიძლება გაეხსნათ ოპოზიციურ ძალებს, რომლებიც იქნებიან ჩვენი ხელისუფლების ჯანსაღი ოპოზიცია, რომელიც დაეხმარება ჩვენს ხელისუფლებას, ჩვენი ქვეყანა უფრო კარგად და წარმატებით ვმართოთ, იმიტომ რომ ჯანსაღი ოპოზიციური აზრი არასოდეს იდევნებოდა საქართველოში და არც იქნება „ქართული ოცნების“ მხრიდან აკრძალული“, - აღნიშნა შალამბერიძემ.

მისივე თქმით, მმართველი გუნდისთვის პრიორიტეტს საქართველოს მოსახლეობის მოსაზრება წარმოადგენს, რომლებიც ყველა წინასაარჩევნო შეხვედრაზე ინტერესდებოდნენ იმით თუ როდის შეიტანდა „ქართულიო ცნება“ სარჩელს იმ პარტიების წინააღმდეგ, რომლებიც ქვეყნის განვითარებას უშლიან ხელს.

„აქედან გამომდინარე, ის რომ მომავალში რაღაც კრიტიკას მოვისმენთ ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარედან, რა თქმა უნდა არის მეორეხარისხოვანი. პირველხარისხოვანი არის ჩვენი ქვეყნის უმრავლესობის მოთხოვნა, რომლებიც ცალსახად გვთხოვდნენ გარკვეული ქმედითი ნაბიჯების გადადგმას ამ მიმართულებით. რა შედეგს მივიღებთ, ამას 9 თვის შემდეგ ვნახავთ. თუმცა, ჩვენი გუნდის პრიორიტეტი არასდროს ყოფილა ოპოზიციური აზრის აკრძალვა. ჩვენ ყოველთვის ვაძლევდით საშუალებას აზრის თავისუფლად გამოეხატათ ფიზიკურ პირებს თუ ოპოზიციურ პარტიებს. შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ერთპარტიული მმართველობა იქნება ჩვენს ქვეყანაში. ცალსახად, „ქართული ოცნება“ მისცემს ასპარეზს იმ ჯანსაღ ძალებს, რომლებიც გადაწყვეტენ იყვნენ ოპოზიციაში, ოღონდ მივესალმებით მხოლოდ და მხოლოდ ჯანსაღ კრიტიკას“, - აღნიშნა შალამბერიძემ.