წყალი 16 საათით შეწყდება - გადაამოწმეთ თქვენი მისამართი
1763405990
ჩვენ ხშირად ვხედავთ, რომ ევრობიუროკრატები და არა მარტო ევრობიუროკრატები მაშველ რგოლად მოევლინებიან ჩვენს ე.წ. ოპოზიციას, თითქოს მათი ზურგის გასამაგრებლად, - ასე გამოეხმაურა ზვიად შალამბერიძე მარტა კოსის განცხადებას საქართველოში სამოქალაქო ორგანიზაციების დაფინანსების შესახებ.
„დღის ქრონიკაში“ სტუმრობისას საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა აღნიშნა, რომ ევროკომისრის დღევანდელი განცხადება ოპოზიციას არ დაეხმარება და მეტ სიმძიმედ იქცევა.
„დღევანდელი ეს განცხადება ნამდვილად არ ჩაითვლება მაშველ რგოლად. პირიქით, მათთვის მეტი სიმძიმეა, რომელიც კიდევ უფრო სიღრმეში მიაქანებს ჩვენს ასე ვთქვათ ოპოზიციას. ამ შემთხვევაში აღიარებენ, რომ ყველა გზას ეძებენ, რომ ეს ოპოზიცია, რომელიც ისედაც სულს ღაფავს და მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი ქვეყნის მოღალატეობრივ საქმიანობას ეწევა, დააფინანსონ. არა უშავს, განაგრძონ სხვადასხვა გზის მოძიება. ჩვენ საკმარისად ძლიერები ვართ საკანონმდებლო მიმართულებით, იმისთვის, რომ კანონმდებლობის გვერდის ავლის ნებისმიერი გზა მოვძებნოთ და გადავკეტოთ, რათა ჩვენი ქვეყნის შიგნით არეულობა საზღვარგარეთიდან არ დაფინანსდეს“, - მიიჩნევს შალამბერიძე.
ევროკომისარმა მარტა კოსმა დღეს განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობა ძალიან ყურადღებით აკვირდება, ვის მისცემს ფულს ევროკავშირი, ამიტომ „ვეძებთ გზებს, როგორ გადავცეთ ფული სამოქალაქო საზოგადოებას ისე, რომ არ დავაზარალოთ ისინი“.