წყალი 12 საათით შეწყდება - გადაამოწმეთ თქვენი მისამართი
1768759702
სამოქალაქო წრეებსა და პოლიტიკურ ჯგუფებში არის საუბარი, როგორც კი შეთანხმება იქნება, საჯაროდ გამოიტანენ. ალბათ მეც ვიქნები ამის ნაწილი. ეს არ იქნება ის, რაც აქამდე გვესმოდა, კოორდინაციაზე ბევრად მეტი იქნება. მათ შორის, შეთანხმება იქნება თამაშის წესებზე, ხედვებზე და ასე შემდეგ, – ამის შესახებ „გირჩი – მეტი თავისუფლების“ ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში ოპოზიციის ერთობაზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, მთავარი პრობლემა არის ნდობის საკითხი.
„მთავარი პრობლემა არის ნდობა, ან ნდობა არ არის იმის გამო, რომ ფიქრობენ, შესაძლოა, ვიღაცა ბიძინასთან რაღაც თამაშს თამაშობდეს, ან თუ ადრე თამაშობდა, ფიქრობენ, რომ ბოლო კრიტიკულ დროს შესაძლოა, სანდო არ იყოს. გადალახვის ორი გზა არსებობს: კომუნიკაცია არსებობდეს ადამიანებს შორის, ერთად დაიწყონ რაღაცების კეთება. ნდობას ასე ვერ გააჩენ, რაღაცები გატეხილია და გამთლიანებას დრო დასჭირდება, ერთად რაღაცები უნდა ვაკეთოთ. რაღაც კომუნიკაცია არის, განსაკუთრებით გარეთ მუშაობაზე, თუმცა არა იმ მასშტაბის, რაც ნდობას გააჩენს. ეს თუ ვერ ხერხდება, წესებზე უნდა შევთანხმდეთ. ახლა საუბარი მიმდინარეობს, ჩემამდე დაძრული პროცესია, ცალკე სამოქალაქო წრეებსა და პოლიტიკურ ჯგუფებშია საუბარი. როგორც კი შეთანხმებები იქნება, საჯაროდ გარეთაც გამოიტანენ. ალბათ მეც ვიქნები ამისი ნაწილი. ეს იქნება ერთიანობა, წესებზე თანხმობა, განისაზღვრება, რის გარშემო იქნება ერთიანობა. ეს არ იქნება ის, რა აქამდე გვესმოდა, უბრალოდ მარტივი კოორდინაცია რაღაც საკითხებზე, კოორდინაციაზე ბევრად მეტი იქნება, მათ შორის, შეთანხმება თამაშის წესებზე, ხედვებზე და ასე შემდეგ. ბევრი რაღაც არის“, – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.
როგორც ზურაბ ჯაფარიძემ აღნიშნა, „ხედვებში დიდი აცდენა არ არის, თუმცა ტექნიკური საკითხებია, რაზეც კამათი და მსჯელობა მიმდინარეობს“.
„ე.წ. რვიანს დაწყებული ჰქონდა რეგისტრაცია, პლატფორმა შეგიძლია გააკეთო, სადაც აუხსნი ადამიანებს, რომ ყველა ვრეგისტრირდებით აქ, რეჟიმის წინააღმდეგ მებრძოლთა საერთო გაერთიანებაზე. თქვენ გაძლევთ უფლებას, გადაწყვიტოთ, ვინ იქნება ლიდერშიფი. არჩევნები არა, შესაძლოა, რეიტინგი გააკეთო. ვნახავთ, რაზე შევთანხმდებით, სათქმელად მარტივია, რომ ალტერნატივა უნდა დაიხატოს. ტექნიკური საკითხებია გადასაწყვეტი, ეს ალტერნატივა როგორი უნდა იყოს, როგორ მივიდეთ მანდამდე, როდესაც ყველა ერთმანეთს დედას აგინებს და ტალახს ესვრის. შემდეგ ორ კვირაში გარეთ იქნებიან გიორგი ვაშაძე და ნიკა გვარამია. დაველოდოთ, გამოვიდნენ, ჩაერთვებიან პროცესში. ეს არ გაიწელება 3-7 თვე. მაგდენი დრო მე არ მაქვს. ზუსტად ვიცი, ბევრი დრო არ მაქვს, არ მცალია მაიმუნობისთვის. მაღალი ალბათობაა, ისევ უკან შემაგდონ. მინდა, მოვასწრო, გავიგო, ვინ რას ფიქრობს. ხედვებში დიდი აცდენა არ არის, ტექნიკური საკითხებია, რაზეც კამათი და მსჯელობა მიმდინარეობს“,- აღნიშნა ჯაფარიძემ.
ზურაბ ჯაფარიძემ გადაცემაში ისაუბრა ოპოზიციური ერთობის ლიდერის თაობაზეც და აღნიშნა, რომ ეს არარეალისტური ჰგონია.
„ამბიციაში ჩემს შემთხვევაშიც არ არის პრობლემა. არარეალისტური ამბავი მგონია. ჩემ წინააღმდეგ პროპაგანდა წლების განმავლობაში მუშაობს. ამ ქვეყნის საზოგადოების სხვადასხვა სეგმენტში როგორ ვარ გაშავებული, ამას ვაწყდები ადამიანებთან ურთიერთობაში. ვიცი, რა არის გამჯდარი საზოგადოებაში. დროს ვხარჯავ, რომ ერთობა, კონსოლიდაცია შეიქმნას, ნაცვლად იმისა, საკუთარი იმიჯის „გათეთრებაზე“ ვმუშაობდე. ვიღაც ახალი ლიდერი რომ გაჩნდეს, ორ კვირაში „გაგიშავებს“ აწყობილი პროპაგანდა“, – აღნიშნა ჯაფარიძემ.
ამასთან, ზურაბ ჯაფარიძე გამოეხმაურა „ლელო – ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გრიგოლ გეგელიას განცხადებას, სადაც გეგელია აღნიშნავს: „კოლეგები სხვანაირად იყვნენ განწყობილი გირაოს იდეაზე, ლანძღავდნენ ხაზარაძე-ჯაფარიძეს, როგორ იხდიან, ეს სისტემასთან გარიგებააო, მაგრამ გირაო აღმოჩნდა ბრძოლისთვის აუცილებელი წინაპირობა“.
ჯაფარიძის თქმით, გრიგოლ გეგელიას მხრიდან არაზუსტი კომენტარი გაკეთდა.
„ველაპარაკე „ლელოს“. არც მე და არც ჩვენი კოალიციის არცერთ წარმომადგენელს არასდროს არ გაუკეთებია კომენტარი, რომ გირაოს გადახდა რეჟიმთან თანამშრომლობაა. სრული სისულელეა. საწინააღმდეგო კომენტარები გვაქვს გაკეთებული. ვიღაც მაგ არგუმენტებით რომ ამუნათებდა მათ, რაც ჩვენ მოგვაცხო, არასწორია. ამ თემაში შესვლა და კამათიც არ მინდა. ვესაუბრე, გაიგეს, რომ ეს ამბავი ტყუილად მომეხოცა. გრიგოლის მხრიდან, ფაქტობრივად, არაზუსტი კომენტარი იყო“, – აღნიშნა ჯაფარიძემ.