წყალი 12 საათით შეწყდება - გადაამოწმეთ თქვენი მისამართი
1768759702
ევროპის ლიდერებმა დონალდ ტრამპის ქცევის განსახილველად დახურული ჩატი შექმნეს. გამოცემა Politico-ს ინფორმაციით, მასში ბოლო წლის განმავლობაში აშშ-ის პრეზიდენტის გადაწყვეტილებებსა და მკვეთრ განცხადებებს განიხილავენ. მ
იმოწერაში რეგულარულად მონაწილეობენ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი, ევროკომისიის ხელმძღვანელი ურსულა ფონ დერ ლაიენი, ფინეთის პრეზიდენტი ალექსანდრე სტუბი და იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯორჯია მელონი.
როგორც Politico აღნიშნავს, ჩატი გამოიყენება ინფორმაციის სწრაფი გაცვლისა და პოზიციების შეთანხმებისთვის ყოველ ჯერზე, როდესაც ტრამპი ისეთ ნაბიჯებს დგამს, რომლებსაც ევროპაში მკვეთრად ან პოტენციურად დესტაბილიზაციის გამომწვევად მიიჩნევენ. გამოცემის წყაროები ხაზს უსვამენ, რომ ასეთი ფორმატი განსაკუთრებით ეფექტიანია იმ სიტუაციებში, როდესაც მოვლენები ელვისებურად ვითარდება და ტრადიციული დიპლომატიური არხები პოლიტიკურ დინამიკას ვერ ეწევიან.
გამოცემის თანახმად, ჩატი სახელწოდებით „ვაშინგტონის ჯგუფი“ გასულ აგვისტოში, თეთრ სახლში ევროპელი ლიდერებისა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ვიზიტის შემდეგ გაჩნდა. Politico აღნიშნავს, რომ მიმოწერაში ზელენსკიც მონაწილეობს.
ევროპელი ლიდერები მთელი წლის განმავლობაში ინარჩუნებდნენ თავშეკავებას და რეაგირებას მხოლოდ აშშ-ის რეალურ ქმედებებზე ახდენდნენ, რამაც ხელი შეუწყო უკრაინის საკითხზე კოორდინაციასა და „მსურველთა კოალიციის“ მუშაობას. თუმცა, Politico-ს წყაროების თქმით, გრენლანდიის ირგვლივ შექმნილი სიტუაცია და ტრამპის მუქარა ტარიფების დაწესების შესახებ გარდამტეხი მომენტი აღმოჩნდა: ამის შემდეგ ევროპელი ლიდერების მიმოწერაში გაძლიერდა მოწოდებები ვაშინგტონთან ურთიერთობაში უფრო მკაცრი და დამოუკიდებელი ხაზის გატარებისკენ.
გამოცემა აღნიშნავს, რომ ლიდერებს შორის მჭიდრო არაოფიციალურმა კონტაქტები უკვე გასცდა ტრამპის განცხადებებზე ოპერატიული რეაგირების ფარგლებს და თანდათან უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის სფეროში უფრო ფართო კოორდინაციისთვის საფუძველს აყალიბებს. Politico-ს რესპონდენტების აზრით, ამ ფორმატმა შესაძლოა გადამწყვეტი როლი ითამაშოს იმ შემთხვევაში, თუ აშშ-ის, როგორც ევროპული უსაფრთხოების მთავარი გარანტის, როლი კიდევ უფრო შესუსტდება.