ზურაბ აბაშიძე: ვერ დამისახელებთ ვერცერთ პრობლემურ საკითხს, რომელიც უყურადღებოდ არის მიტოვებული მუნიციპალიტეტის მხრიდან, უამრავი პრობლემა კი, რომლებიც არსებობდა დედაქალაქში წლების განმავლობაში, აღმოფხვრილია

ზურაბ აბაშიძე

თბილისის საკრებულოს სხდომაზე საკრებულოს თავმჯდომარემ, ზურაბ აბაშიძემ, განაცხადა, რომ დედაქალაქის მუნიციპალიტეტის მხრიდან თბილისში არსებული პრობლემების მოგვარება მყისიერად ხდება. მისი თქმით, არცერთი პრობლემა არ რჩება ყურადღების მიღმა.

„მინდა მოსახლეობას ვუთხრა, რომ თბილისი იქნება თუ მსოფლიოს ნებისმიერი დედაქალაქი, თუ ქალაქი, ის ცოცხალი ორგანიზმია. ყველგან არის პრობლემები, მაგრამ ვერ დამისახელებთ ვერცერთ პრობლემურ საკითხს, რომელიც დღეს დედაქალაქში უყურადღებოდ არის მიტოვებული მუნიციპალიტეტის მხრიდან, უამრავი პრობლემა კი, რომლებიც არსებობდა დედაქალაქში წლების განმავლობაში, აღმოფხვრილია.

რაც შეეხება უხვ ნალექს, ეს პრობლემა ბუნების კანონიდან გამომდინარე არსებობს და ასეთ საკითხებს მყისიერად სჭირდება რეაგირება, რაც ხდება კიდეც.

მე დავეთანხმები დედაქალაქის მერს, რომ თბილისზე ზრუნვა არ არის მხოლოდ მუნიციპალიტეტის საქმე. ჩვენ ყველამ უნდა მოუაროთ ჩვენს ქალაქს“, - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.