ყველა, ვინც კანონს დაარღვევს, პასუხს აგებს, სასამართლო დავალების შეუსრულებლობისთვის სანქცირება იქნება გამოყენებული - დავით მათიკაშვილი

დავით მათიკაშვილი

ყველა, ვინც კანონს დაარღვევს, პასუხს აგებს, სასამართლო დავალების შეუსრულებლობისთვის სანქცირება იქნება გამოყენებული, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.

მათიკაშვილის თქმით, „საქართველოს წინააღმდეგ შეთქმულება დამარცხდება და ისინი თავის მიზნებს ვერ მიაღწევენ“.

„ყველა, ვინც კანონს დაარღვევს, პასუხს აგებს. ისინი დაიბარეს დროებით საგამოძიებო კომისიაზე და არ გამოცხადდნენ, თუმცა კარგად იცოდნენ, რომ გამოუცხადებლობა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საფუძველია. სისხლის სამართლის საქმის წიაღში მათ გირაო შეუფარდეს და აცხადებენ, რომ არ გადაიხდიან. არ გადაიხდიან გირაოს და იმავე ბედს გაიზიარებენ, რაც იმ ხალხმა, გირაო ვინც არ გადაიხადა. შესაბამისად, სამართლებრივ, დემოკრატიულ სახელმწიფოებში, ევროპაში და შეერთებულ შტატებში როგორც ხდება, ზუსტად ანალოგიურად წესია, კანონისა და სასამართლო დავალების შეუსრულებლობის მიმართ სანქცირება იქნება გამოყენებული. ეს თითიდან გამოწოვილი თემა სჭირდებათ, რადგან შესაძლოა, კვლავ ვითარების დაძაბვაზე ფიქრობენ, დადგან სპექტაკლი, როგორ დევნის პოლიტიკურ ოპონენტებს ხელისუფლება. გახსოვთ, თავის დროზე ნიკა მელიამ გირაოს გადაუხდელობის საფუძვლით რაც გააკეთა. მათი მიზანია, საზოგადოების მოტყუებას შეეცადონ, რაშიც ქვეყნის ფარგლებს გარედან არსებული პატრონები დაეხმარებიან, რათა რაიმე ფორმით სიტუაცია არიონ. ეს ყველაფერი შეუსრულებელი მისიაა. ამ შეუსრულებელ მისიაში, ტრადიციულად, საქართველოს წინააღმდეგ შეთქმულება დამარცხდება და ისინი თავის მიზნებს ვერ მიაღწევენ“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.