1756708150
ყაველაშვილი ტრამპს: ქართველ ხალხში თქვენი პასიურობა აჩენს კითხვებს - რამდენად თავისუფალი და გულწრფელია თქვენი ადმინისტრაციის ქმედებები რეგიონში მშვიდობის განმტკიცების თვალსაზრისით

აღსანიშნავია, რომ პრეზიდენტობის რამდენიმე თვის მანძილზე, თქვენ მჭიდრო ურთიერთობები დაამყარეთ საქართველოს უკლებლივ ყველა მეზობელ ქვეყანასთან - წარმატებით შეუწყვეთ ხელი სამშვიდობო შეთანხმების გაფორმებას აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის, აქტიურად თანამშრომლობთ თურქეთის ხელისუფლებასთან, აღადგინეთ პარტნიორობა ვლადიმერ პუტინთანაც კი. თუმცა, ამ ფონზე, თქვენი ადმინისტრაცია არაფერს ამბობს საქართველოს შესახებ, რაც, როგორც უკვე აღვნიშნე, ქართული საზოგადოების გაკვირვებას იწვევს, - ვკითხულობთ საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ ყაველაშვილის მიერ გამოქვეყნებულ ღია წერილში, რომლითაც ის აშშ-ის პრეზიდენტს დონალდ ტრამპს მიმართავს.
მიხეილ ყაველაშვილის განცხადებით, ქართული საზოგადოება შეშფოთებულია ომსა და არეულობაზე ორიენტირებული „დიპ სტეიტის“ დომინირებით საქართველოში, რასაც ტრამპის ადმინისტრაცია, სამწუხაროდ, პასიურად აკვირდება.
„ამბობენ, რომ გასული რამდენიმე თვის მანძილზე თქვენ შეცვალეთ ნახევარი მსოფლიო. თუმცა, ბუნებრივია, მოვლენებს ყველა თავისი გადმოსახედიდან უყურებს და იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენი ქვეყნის მიმართ თქვენი ადმინისტრაცია ლოგიკურ ყურადღებას არ იჩენს, ქართველ ხალხში თქვენი პასიურობა აჩენს ეჭვს და კითხვებს იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად თავისუფალი და გულწრფელია თქვენი ადმინისტრაციის ქმედებები რეგიონში მშვიდობის განმტკიცების თვალსაზრისით. ქართული საზოგადოება შეშფოთებულია ომსა და არეულობაზე ორიენტირებული „დიპ სტეიტის“ დომინირებით საქართველოში, რასაც თქვენი ადმინისტრაცია, სამწუხაროდ, პასიურად აკვირდება“, - ვკითხულობთ მიხეილ ყაველაშვილის წერილში.