ვერც რევოლუციას ახდენენ და არც თამაშის წესებიც იციან, საკუთარ მოსახლეობას როგორ ესაუბრონ, იქნებ სხვა საქმიანობის სფერო გამონახონ - თენგიზ შარმანაშვილი ოპოზიციაზე

თენგიზ შარმანაშვილი

აღიარებითი ჩვენებები ოპოზიციაში - პოლიტიკური შეფასებების კიდევ ერთი თემაა ოპოზიციური პარტიების წევრების განცხადებები.

"ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი წარმომადგენელი, ნიკა ობოლაძე ამბობს, რომ ოპოზიცია რთულ სიტუაციაშია და რეალობის აღქმა უჭირს, რომ ქვეყანას ქმედითი ხელისუფლება ჰყავს. ანალოგიური შინაარსის განცხადება გააკეთა "ლელო - ძლიერი საქართველოს" გენერალურმა მდივანმაც.

მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ ოპოზიცია ახლა თავად აღიარებს იმას, რაზეც მმართველი გუნდი წლებია საუბრობს.

"როდესაც შენ შენს ხალხთან წყვეტ ყველაფერს, რა თქმა უნდა, მიხვალ ამ კატასტროფამდე, რომლის აღიარებაც ახლა მოუწიათ. ყველამ იცოდეს, რომ საქართველოს ხელისუფლების წყარო არის ქართველი ხალხი და ვერანაირ პატრონებთან ურთიერთობა მათ ვერ უშველით, თუ ქართველი ხალხი არ იქნება განწყობილი იმისთვის, რომ შენ გადმოგაბაროს ხელისუფლება. არაფერი არ არის შედეგის მომტანი, იმიტომ, რომ ისინი იქცევიან არა, როგორც პროფესიონალი პოლიტიკოსები, იქცევიან, როგორც მეორეხარისხოვანი რევოლუციონერები, რომლებიც ვერც რევოლუციას ახდენენ და თამაშის წესებიც კი არ იციან, საკუთარ მოსახლეობას როგორ ესაუბრონ. ერთი რჩევა მაქვს მათთვის, იქნებ სხვა საქმიანობის სფერო გამონახონ, ხომ ხედავენ, რომ ამ საქმეში ვერ ერკვევიან," - განაცხადა პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თენგიზ შარმანაშვილმა.