ვახტანგ ჩოჩია: მოვუწოდებ იმ ახალგაზრდებს, რომლებიც ხშირად დგანან საპროტესტო აქციებზე, თვალი მიადევნონ საგამოძიებო კომისიის სხდომებს და გამოიტანონ დასკვნა, თუ ვის გვერდით დგანან და რას ითხოვენ

ვახტანგ ჩოჩია

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის კაბინეტის უფროსი ვახტანგ ჩოჩია ახალგაზრდებს მოუწოდებს თვალი ადევნონ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომებს.

„მე მოვუწოდებ იმ ახალგაზრდებს, რომლებიც ხშირად დგანან საპროტესტო აქციებზე იმ ხალხის გვერდით, რომლებიც ჩართულნი იყვნენ ქართველი ხალხის წამებაში, ადამიანის უფლებების შელახვაში და, ზოგადად, ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის ძირგამომთხრელ საქმიანობაში, კიდევ ერთხელ თვალი მიადევნონ ამ კომისიის სხდომებს და შემდეგ დაფიქრდნენ და თვითონ გამოიტანონ დასკვნა, თუ ვის გვერდით დგანან და რას ითხოვენ“, - აცხადებს ჩოჩია.

პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია მუშაობას განაგრძობს. კომისიის წევრები დღეს 2011 წლის 26 მაისის დემონსტრაციის დარბევისას, ადამიანის უფლებების დარღვევის უხეშ ფაქტებს განიხილავენ. საგამოძიებო კომისიის სხდომაზე ნონა გაფრინდაშვილი, ელდარ (ლუკა) კურტანიძე, დავით ლორთქიფანიძე და გიორგი ბურჯანაძე არიან მიწვეულნი.