"უნდა შევთანხმდეთ ხელისუფლება და მედიკამენტების შემომტანები, რომ უნდა დაწესდეს ყველა მედიკამენტზე არა უმეტეს საშუალო ევროპული ფასი" - ზაზა ლომინაძე

ზაზა ლომინაძე

 მსხვილი ქსელური მარკეტებისა და სადისტრიბუციო კომპანიების შემდეგ, მწარმოებლები და ფარმაცევტული ფირმები - პროდუქტებზე ფასების შესამცირებლად მთავრობის ადმინისტრაციაში შეხვედრები დღეიდან განახლდება. პრემიერ-მინისტრის ინიციატივაზე მომუშავე საკოორდინაციო კომისია რამდენიმე საათში შეიკრიბება.

საპარლამენტო უმრავლესობაში დარწმუნებული არიან, რომ პროდუქტის ღირებულების რეგულირებისთვის სივრცე არსებობს, თუმცა ამისთვის სხვადასხვა უწყების კოორდინირებული მუშაობაა საჭირო. უკვე სახელდება სავარაუდო დროც, როცა პირველადი მოხმარების პროდუქტებზე ფასები უნდა შემცირდეს - ეს აპრილია.

"ეკონომიკურ ზრდასთან შეფარდებაში, ნამდვილად შესაძლებელია, რომ ფასები არ აღემატებოდეს მაინც საშუალო ევროპულ ფასებს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მედიკამენტებთან დამოკიდებულება. მიუღწეველი არაფერი არ არის. სამუშაოა ერთობლივად, როდესაც უნდა შევთანხმდეთ ხელისუფლება და მედიკამენტების შემომტანები, რომ უნდა დაწესდეს ყველა მედიკამენტზე არა უმეტეს საშუალო ევროპული ფასი," - აცხადებს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ზაზა ლომინაძე

პარალელურად, ფასთა წარმოქმნის პროცესის შესწავლის მიზნით, სუპერმარკეტების ქსელებსა და სადისტრიბუციო კომპანიებში სუსი და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური დოკუმენტაციას ამოწმებენ.