1749064311
ტყუილია იმაზე საუბარი, რომ ჩვენ რაიმე სახით ერთიან კანდიდატზე შევთანხმდით ვინმესთან, რადგან ჩვენ არ გვქონია კონსულტაციები - ტატა ხვედელიანი

ოთხი თვე თვითმმართველობის არჩევნებამდე და უთანხმოება ოპოზიციაში. ანა წითლიძე ადასტურებს, რომ რამდენიმე თვის წინ, თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით კონსულტაციები მიმდინარეობდა და "ნაციონალური მოძრაობის" პოზიცია იყო, რომ თუ ოპოზიცია თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას დაუშვებდა, შეთანხმებულიყო ერთი კანდიდატი თბილისში, თუმცა აღმოჩნდა, რომ გახარიას გუნდს ცალკე ყოფნა სურდა.
პარტიის "გახარია საქართველოსთვის" წევრი, ტატა ხვედელიანი წითლიძის განცხადებას სიცრუეს უწოდებს და ამბობს, რომ მათ პარტიასთან არავითარი კონსულტაციები არ ყოფილა.
"ერთადერთი პოლიტიკური პარტია, რომელიც საკუთარი ქმედებებით "ოცნების" წისქვილზე ასხამს წყალს და სასარგებლო იდიოტის პოზიციით გამოირჩევა, არის "ნაციონალური მოძრაობა".
დიდი ტყუილია იმაზე საუბარი, რომ ჩვენ რაიმე სახით ერთიან კანდიდატზე შევთანხმდით ვინმესთან, რადგან ჩვენ არ გვქონია კონსულტაციები.
"ნაციონალურ მოძრაობასთან" რაიმე სახის ერთობა, ან რაიმე სახის კოალიცია, ან ერთიანი კანდიდატი, არის ჩვენთვის მიუღებელი, რადგან "ნაციონალური მოძრაობა" არის ჩვენთვის მიუღებელი", - განაცხადა ტატა ხვედელიანმა.