1751311078
„თუ მიდიხარ ადამიანთან, რომელიც შიმშილობს, უფრო მიზანშეწონილად მიგვაჩნია, ადამიანი არ წაახალისო შიმშილობისკენ და პირიქით - ურჩიო, რომ შეწყვიტოს თავის დაზიანება“ - ლევან მაჭავარიანი გერმანიის ელჩზე

„რაც შეეხება იმას, რომ იგი მივიდა ქალბატონ ხოშტარიასთან - თუ ადამიანთან მიდიხარ, რომელიც შიმშილობს და იქ ემპათიაზე იყო საუბარი ბატონი ფიშერის მხრიდან, უფრო მიზანშეწონილად მიგვაჩნია, რომ ადამიანი არ წაახალისო შიმშილობისკენ, რჩევა არ მისცე, რომ გააგრძელოს შიმშილობა და პირიქით - ურჩიო, რომ მან შეწყვიტოს თავის დაზიანება. ჩვენ უფრო ჯანსაღად ასეთი მიდგომა მიგვაჩნია," - ეს განცხადება "ქართული ოცნების" წევრმა, ლევან მაჭავარიანმა გერმანიის ელჩ პიტერ ფიშერთან დაკავშირებით გააკეთა, რომელიც პარლამენტთან მოშიმშილე ოპოზიციონერი ლიდერების მოსანახულებლად მივიდა.
მისივე თქმით, ბოლო თვეების განმავლობაში განსაკუთრებით კარგად ჩანს, რომ გერმანიის ელჩი ვენის კონვენციას არღვევს და უხეშად ერევა საქართველოს შიდა საქმეებში.
"ჩვენ კარგად ვაკვირდებით, მით უმეტეს, ბოლო თვეების განმავლობაში, თუ როგორ არის ბატონი ფიშერი პირდაპირ, უხეშად ჩართული ჩვენს შიდა პოლიტიკაში, მთლიანად არღვევს ვენის კონვენციას, - სასამართლო პროცესებზე დადის, რაც ზეწოლაა მოსამართლეებზე; თვითონ გამოდის ინიციატივებით, რომელ ბრალდებულს რა სანქცია ეკუთვნის, ვინ რამდენი უნდა მოიხადოს და ა.შ. აჯილდოებს "ნაციონალური მოძრაობის" სიის წევრებს, იქ რაღაც კვლევებს ატარებს მედიათავისუფლებაზე, რომელსაც უკვეთს "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს ყოფილ წევრს და ა.შ. უამრავი მაგალითი შეგვიძლია ჩამოვთვალოთ ბატონ ფიშერთან და არამარტო მასთან დაკავშირებით.
რაც შეეხება იმას, რომ იგი მივიდა ქალბატონ ხოშტარიასთან - თუ ადამიანთან მიდიხარ, რომელიც შიმშილობს და იქ ემპათიაზე იყო საუბარი ბატონი ფიშერის მხრიდან, უფრო მიზანშეწონილად მიგვაჩნია, რომ ადამიანი არ წაახალისო შიმშილობისკენ, რჩევა არ მისცე, რომ გააგრძელოს შიმშილობა და პირიქით - ურჩიო, რომ მან შეწყვიტოს თავის დაზიანება. ჩვენ უფრო ჯანსაღად ასეთი მიდგომა მიგვაჩნია, უფრო ქართულიცაა, უფრო ევროპულიც და უფრო ადამიანურიც. შეიძლება, იყოფა ჩვენი და ბატონი ფიშერის აზრები, მას თავის აზრი აქვს, კი ბატონო, თუმცა ჩვენი მოქალაქეები ამ ყველაფერს თავად აფასებენ," - აცხადებს ლევან მაჭავარიანი.