ცრუ ნარატივები, რომლებიც „ევროპის სახალხო პარტიიდან“ მოდის, არახალია. ყველაზე მძიმე ის არის, რომ „ევროპის სახალხო პარტია“ ერთ-ერთი ძლიერი პოლიტიკური გაერთიანებაა და რამდენიმე ქვეყანაში ხელისუფლებაში არიან - შალვა პაპუაშვილი

პაპუაშვილი

თავისთავად, ცრუ ნარატივები, რომლებიც „ევროპის სახალხო პარტიიდან“ მოდის, არახალია, - განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა EPP-ს წერილთან დაკავშირებით, რომლითაც საქართველოს დასჯას ითხოვენ.

შალვა პაპუაშვილის თქმით, ყველაზე მძიმე ის არის, რომ „ევროპის სახალხო პარტია“ ერთ-ერთი ძლიერი პოლიტიკური გაერთიანებაა და რამდენიმე ქვეყანაში ხელისუფლებაშია.

„ვხედავთ, რომ ასეთი ღირებულებებისგან დაცლილი დეზინფორმაციის გამავრცელებელი და რაც მთავარია, სხვა ხალხებზე თავდამსხმელი პარტია სხვადასხვა ქვეყანაში არის ხელისუფლებაში, ასევე, ევროკომისიაში არის წამყვან პოზიციებზე წარმოდგენილი. მათ შორის, ევროკომისიის პრეზიდენტის სახით. სინამდვილეში, ჩვენ ვხედავთ, რომ ამ წერილებს ძალა აქვს დაკარგული ქართველი ხალხისთვის. ამგვარი უცხოელების არცერთი სიტყვა არ ინდობა. ეს ის ხალხია, ვინც უკრაინას ეუბნებოდა, რომ ბოლომდე იდგებოდნენ მათ გვერდში და გუშინ მოვისმინეთ უკვე კომენტარები სხვადასხვა ქვეყნის ხელისუფლებისა - ფაქტობრივად უკვე უკრაინას უთხრეს, რომ ტერიტორიები უნდა დათმოს. ასე, რომ ჩვენ ასეთი მტერმოყვარეები ბევრი გვყავს, სამწუხაროდ, მაგრამ საბედნიეროდ, ქართველმა ხალხმა ისწავლა, როგორ გაუმკლავდეს ამგვარ მტერმოყვარეებს“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

„ევროპის სახალხო პარტია“ევროკომისიის პრეზიდენტს მიმართავს და საქართველოს მთავრობას სანქციებისთვის თავის არიდებაში ადანაშაულებს.