წლევანდელი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი ამ ეტაპზე შარშანდელზე მაღალია. შარშან წელიწადი დავხურეთ 7,5%-ით, და პირველი 6 თვის მონაცემებით ეკონომიკურმა ზრდამ შეადგინა 7.9%. ამის მიზეზია ეფექტიანი ეკონომიკური პოლიტიკა და კორუფციის წინააღმდეგ გადადგმული უმნიშვნელოვანესი ნაბიჯები. მაღალ დონეზე სრულად აღმოფხვრილია კორუფცია - პრემიერი

კობახიძე

სრულად აღმოფხვრილია კორუფცია მაღალ დონეზე, ბუნებრივია, გაგრძელდება კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა დაბალ დონეზე, ეს პირდაპირ აისახება ეკონომიკურ მაჩვენებლებზე, აისახება საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებებზე და ამის შედეგია ის, რომ გაუმჯობესდა საქართველოს პერსპექტივა ნეიტრალურიდან პოზიტიურისკენ, - განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მუხათგვერდში, საკრედიტო სააგენტო S&P Global Ratings-ის ანგარიშის კომენტირებისას.

მთავრობის მეთაურის თქმით, პერსპექტივის ცვლილება სტაბილურიდან დადებითისკენ გამოწვეულია იმ ტენდენციებით, რაც არის ჩამოყალიბებული ქართულ ეკონომიკაში.

„პერსპექტივის ცვლილება არის ძალიან მნიშვნელოვანი სტაბილურიდან დადებითისკენ, რაც ბუნებრივია გამოწვეულია იმ ტენდენციებით, რაც არის ჩამოყალიბებული ჩვენს ქვეყანაში და ქართულ ეკონომიკაში. წლევანდელი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი ამ ეტაპზე არის შარშანდელზე მაღალი. შარშან ჩვენ წელიწადი დავხურეთ 7,5%-ით, და პირველი ექვსი თვის მონაცემებით ეკონომიკურმა ზრდამ შეადგინა 7.9%. ამის მიზეზია ეფექტიანი ეკონომიკური პოლიტიკა და კორუფციის წინააღმდეგ გადადგმული უმნიშვნელოვანესი ნაბიჯები. მაღალ დონეზე სრულად აღმოფხვრილია კორუფცია, ბუნებრივია, გაგრძელდება ბრძოლა დაბალ დონეზე კორუფციის წინააღმდეგ. რაც შეეხება პოლიტიკურ ეშელონებს, მთლიანად არის აღმოფხვრილი კორუფცია მაღალ დონეზე. ეს პირდაპირ აისახება ეკონომიკურ მაჩვენებლებზე. საბოლოო ჯამში, ჩვენი ეკონომიკური ტენდენციები აისახება საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებებზე და ამის შედეგია ის, რომ გაუმჯობესდა საქართველოს პერსპექტივა ნეიტრალურიდან პოზიტიურისკენ“, - განაცხადა პრემიერმა.