ტოქსიკოლოგი ეკა ქურდაძე BBC-ის ფილმზე: შეუძლებელი იყო კამიტის ზემოქმედებით, ერთი თვის შემდეგ, თანაც დახმარების გარეშე, მხოლოდ ეს შედეგები და მსუბუქი კარდიოლოგიური გამოვლინება მიგვეღო, რაც იქ არის დაფიქსირებული

ტოქსიკოლოგი ეკა ქურდაძე

შეუძლებელი იყო კამიტის ზემოქმედებით, ერთი თვის შემდეგ, თანაც დახმარების გარეშე, მხოლოდ ეს შედეგები მიგვეღო და მსუბუქი კარდიოლოგიური გამოვლინება, რაც იქ არის დაფიქსირებული, - განაცხადა ტოქსიკოლოგმა ეკა ქურდაძემ BBC-ის ფილმში მოყვანილ კვლევასთან დაკავშირებით.

მისი შეფასებით, ფილმში მოყვანილი კვლევა აკადემიური თვალსაზრისით ტოქსიკოლოგიური სტატია არ არის.

„იმ პერიოდში რა აღწერილობა, რა ჩივილებიც იყო გამოვლენილი, ეს იყო მხოლოდ დაკვირვება. იქ აღწერილი ჩივილები, რაც მიმოხილვით ფიქსირდება, არის კარდიოლოგიური და კარდიოლოგის მიერ არის შესწავლილი. აღნიშნული აღწერილობები თავისუფლად შეიძლება, ჰქონდეთ ჯანმრთელ პირებსაც.

ჩატარებული კვლევები არ შეესაბამება ტოქსიკოლოგიურ მიმოხილვას. ბუნებრივია, ვინც ეს მოაგროვა, არ იყო სპეციალისტი და შესაბამისად, ვერ ექნებოდა ის კვლევები ჩატარებული, რაც აუცილებელი იყო ტოქსიკოლოგიური თვალსაზრისით.

შეუძლებელი იყო კამიტის ზემოქმედებით, ერთი თვის შემდეგ, თანაც დახმარების გარეშე, მხოლოდ ეს შედეგები და მსუბუქი კარდიოლოგიური გამოვლინება მიგვეღო, რაც იქ არის დაფიქსირებული. ეს არ ითვლება რაიმე განსაკუთრებულ დარღვევად. ასეთი დარღვევა შეიძლება მწეველს ან დიდ ქალაქში მცხოვრებსაც ჰქონდეს. ეს კლინიკური გამოვლინება, რაც ამ სტატიაშია აღწერილი, ნამდვილად არ შეესაბამება მძიმე დაზიანებას.

ბევრი ხარვეზი და ნიუანსია, რომელთა გამოც ამ სტატიას ტოქსიკოლოგიურ სტატიად ვერ ჩავთვლი”, - განაცხადა ეკა ქურდაძემ.

BBC-ის ფილმში საუბარია იმაზე, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ აქციაზე პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური იარაღი გამოიყენა. „ქართული ოცნება“ BBC-ის წინააღმდეგ საერთაშორისო სასამართლოებში სამართლებრივ დავას იწყებს. ამასთან, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა BBC-ის მიერ საჯარო სივრცეში დანაშაულის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.

თემასთან დაკავშირებით აქციის მონაწილემ გიორგი რომელაშვილმა ერთ-ერთი არხის ეთერში განაცხადა, რომ „დარბევის მეორე დღეს ფოთლები სხვა შეფერილობის იყო და ქვებიც კი კოროზირდა“.