1770743848
თენგიზ შარმანაშვილი: უნივერსიტეტებთან დაკავშირებით აზრის შეცვლა უკან დახევა არ არის, ჩვენ ის ადამიანები არ ვართ, ვინც დასაბუთებულ აზრს არ ისმენს
უნივერსიტეტებთან დაკავშირებით აზრის შეცვლა უკან დახევა არ არის, ჩვენ ის ადამიანები არ ვართ, ვინც დასაბუთებულ აზრს არ ისმენს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თენგიზ შარმანაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, „გასაკვირი არაფერია იმაში, რომ რადიკალებს ასეთი გადაწყვეტილება ნორმალურად არ მოეჩვენებათ“.
„უნივერსიტეტებთან დაკავშირებით აზრის შეცვლა უკან დახევა არ არის. რადიკალებს მიაჩნიათ, რომ რაღაც სიტყვას როცა იტყვი და მეორე მხარე დასაბუთებულ არგუმენტებს მოიტანს, რითაც შენს მოსაზრებებს გადაგახედინებს, ეს უკან დახევაა და არა ნორმალური მოვლენა. სწორედ ამაზე ვსაუბრობდით, რომ საქართველოში დიალოგის რეჟიმი დაიკარგა. ჩვენ ის ადამიანები არ ვართ, ვინც დასაბუთებულ აზრს არ მოისმენს. პირიქით, ამ წლების განმავლობაში არგუმენტების მოტანას ვითხოვთ. მას შემდეგ, რაც უნივერსიტეტების გაერთიანება დაანონსდა, პრემიერ-მინისტრმა არგუმენტების წარდგენა მოითხოვა. ეს მოხდა, რაც ნორმალური რეჟიმია. გასაკვირი არაფერია იმაში, რომ რადიკალებს ასეთი გადაწყვეტილება ნორმალურად არ მოეჩვენებათ, რადგან არავის არასოდეს არაფერზე ელაპარაკებიან. ტექნიკური უნივერსიტეტის არსებობა კარგი იქნება, რადგან ყველამ კარგად ვიცით, რა დონის დეფიციტია ასეთი სახის კადრების – ინჟინრების, გეოლოგების და ისეთი სპეციალისტების, რომელიც საქართველოში ლამის გაქრეს. პროფესიონალების რაღაც რაოდენობა გვყავს, რაც იმის ბაზა გახდება, რომ მასზე ტექნიკური პერსონალი დაშენდეს, ვინც საქართველოსთვის ბევრ კარგ საქმეს გააკეთებს“, – განაცხადა შარმანაშვილმა.










