თენგიზ შარმანაშვილი "ჰექსოგენის" საქმეში არსებულ ჩვენებაზე: თუ სასამართლო ამას დაადასტურებს და ეს დადგენილად ჩაითვლება სასამართლო წესით, რა თქმა უნდა, ამას თავისი შედეგები მოჰყვება

თენგიზ შარმანაშვილი

"ჰექსოგენის" საქმის ახალი დეტალები, რომელიც "კურიერმა" გაარკვია - ექსკლუზიურად მოპოვებული ჩვენებით, რომელიც ერთ-ერთ დაკავებულს, ტრაილერის მძღოლს ეკუთვნის, დასტურდება, რომ უკრაინიდან საქართველოში განსაკუთრებით საშიში ასაფეთქებელი ნივთიერება უკრაინის სპეცსამსახურის თანამშრომლებმა გამოგზავნეს და საბოლოო დანიშნულების ადგილი კი თბილისი უნდა ყოფილიყო. აქვს თუ არა ამ საქმეს კავშირი 4 ოქტომბრის დაგეგმილ აქციასთან - საკითხზე სუს-ი გამოძიებას განაგრძობს.

"ქართულ ოცნებაში" არ უკვირთ, რომ "ჰექსოგენის" საქმის კვალი უკრაინის სპეცსამსახურებამდე მივიდა. განსხვავებულია შეფასებები ოპოზიციაში.

"სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმაც, ამ კუთხით, გაავრცელა ეს ინფორმაცია და მათ ხელი კი არ გაიშვირეს და ჯერ ბრალი კი არ დასდეს ვინმეს, არამედ თქვეს, რომ ასეთი ტიპის ჩვენება მისცა დაკავებულმა. მეც ზუსტად ასე გავიმეორებ, ასეთი ტიპის ჩვენება არსებობს, მტკიცებულება ამისი ამ ფორმით არსებობს. ამ მტკიცებულების სანდოობისა და სხვა ხარისხის შეფასებას მოახდენს სასამართლო. თუ სასამართლო ამას დაადასტურებს და ეს დადგენილად ჩაითვლება სასამართლო წესით, რა თქმა უნდა, ამას თავისი შედეგები მოჰყვება. მანამდე არის ის, რაც არის, ანუ გამჟღავნდა ის, რომ ის, ვინც დააკავეს და დააპატიმრეს, მან აღიარა და მან თქვა, რომ ეს გადასცეს უკრაინელმა სპეცსამსახურის წარმომადგენლებმა", - აცხადებს პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თენგიზ შარმანაშვილი.