თაზო დათუნაშვილი: უცნაური არაფერია ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის შეფასებებში, ყველას შეუძლია, დაინახოს საქართველოში ადამიანის უფლებრივი მდგომარეობის, კონსტიტუციური წყობის უკუსვლა

თაზო დათუნაშვილი

ევროკავშირს ადარდებს, როგორ არის კანდიდატ ქვეყნებში ფასეულობებისა და იმ მთავარი პრინციპების მდგომარეობა, რომლის გარშემოც შექმნილია ეს გაერთიანება, –  ამის შესახებ „ლელო – ძლიერი საქართველოს“ წევრმა, თაზო დათუნაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, არაფერი უცნაური არ არის ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის შეფასებებში.

„ყველას შეუძლია შეუიარაღებელი თვალითაც დაინახოს საქართველოში არსებული ადამიანის უფლებრივი მდგომარეობის, კონსტიტუციური წყობისა და წესრიგის უმძიმესი უკუსვლა, რისი მომსწრეებიც ბოლო, დაახლოებით ერთი წლის მანძილზე ვართ. ეს ყველაფერი ხდება არა რაიმე შეფარული ფორმებით, არამედ კანონებში ცვლილებების შეტანით, ისეთი ნორმების დადგენით, რომელიც ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებების დაცვის არა თუ საერთაშორისო სტანდარტებს, არამედ საქართველოს კონსტიტუციას.  შესაბამისად, არაფერი უცნაური ამ შეფასებებში არ არის. საქართველოს მიმართ ინტერესი რომ ჯერ კიდევ აქვთ და გვაფასებენ, ეს არის იმის შედეგი, რომ საქართველო ჯერ კიდევ ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანაა. ევროკავშირს ადარდებს, როგორ არის კანდიდატ ქვეყნებში ფასეულობებისა და იმ მთავარი პრინციპების მდგომარეობა, რომლის გარშემოც შექმნილია ეს გაერთიანება. თუ გვსურს, რომ ევროკავშირის წევრები ვიყოთ, ეს სტრუქტურები ვალდებული არიან, ამ ქვეყანაში არსებული ვითარება ობიექტურად შეაფასონ. „ქართული ოცნების“ მხრიდან ამ ანგარიშის საპასუხოდ არანაირ ქმედით ნაბიჯს არ ველოდები, გარდა იმისა, რომ ალბათ დაიწყებენ ლაპარაკს, ამ ანგარიშის მიზანი ევროკავშირში „დიფ სთეითის“ გაძლიერებააო. ანუ კლასიკურ პროპაგანდისტურ მიდგომებს გამოიყენებენ“, – განაცხადა თაზო დათუნაშვილმა.

ცნობისთვის, გაფართოებასთან დაკავშირებით ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის მიერ დასკვნები გამოქვეყნდა. ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობა საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, „გააუქმოს რეპრესიული კანონები, დაასრულოს ევროკავშირის წინააღმდეგ ნარატივების გავრცელება“.