თამარ იოსელიანი: ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში წინა წელთან შედარებით მგზავრთნაკადი 10% -ით გაიზარდა, წელს 1 800 000-მდე მგზავრს ველოდებით

თამარ იოსელიანი

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, თამარ იოსელიანის განცხადებით, მთავრობა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მასშტაბურ ინფრასტრუქტურულ პროექტებს თანმიმდევრულად ახორციელებს და სერვისებს ავითარებს.

მისი თქმით, ქუთაისის აეროპორტში, წინა წელთან შედარებით, მგზავრთნაკადი 10% -ით გაიზარდა.

„წელს ველოდებით 1 800 000-მდე მგზავრს. ქუთაისის აეროპორტში, კოვიდპანდემიის შემდეგ, საშუალოდ 35%-იანი ზრდა გვაქვს მგზავრთნაკადის კუთხით. წლევანდელი მონაცემებით, მგზავრთნაკადის ზრდამ, წინა წელთან შედარებით, 10% შეადგინა“, – აღნიშნა თამარ იოსელიანმა.

მისი თქმით, ახალი ასაფრენ-დასაფრენი ზოლის ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ, აეროპორტი დიდი ზომის სამგზავრო და სატვირთო თვითმფრინავების მიღებას შეძლებს.

„ასევე ვნერგავთ ელექტრონულ სერვისებს და, ზოგადად, ყოველწლიურად ვავითარებთ ისეთ მომსახურებას, რომელიც მორგებულია მგზავრსა და მის კომფორტულ მოგზაურობაზე“, – განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ცნობით, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი 2012 წელს სრული რეაბილიტაციის შემდეგ გაიხსნა. 13 წლის განმავლობაში აეროპორტის ტერმინალი ექვსჯერ გაფართოვდა, განახლდა ასაფრენ-დასაფრენი ზოლი და ინფრასტრუქტურა. 2023 წელს აეროპორტმა 1.7 მილიონ მგზავრს უმასპინძლა, ხოლო გახსნიდან დღემდე – 8.8 მილიონზე მეტს. ასევე 13 წლის განმავლობაში 30 ათასზე მეტი რეისი შესრულდა.