თამარ ჩერგოლეიშვილი ოპოზიციის ნაწილზე: მომხრე ვარ გაერთიანდნენ და საზოგადოების დაბნევა შეწყვიტონ, თითქოს რამე განასხვავებთ ერთმანეთისგან

ტაბულას რედაქტორი

 “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი, თამარ ჩერგოლეიშვილი ზურაბ გირჩი ჯაფარიძის განცხადებას გამოეხმაურა, სადაც მითითებულია „ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ერთიანი განცხადება“ და აღნიშნა, რომ ეს არის ოპოზიციური პარტიების არა ერთობლივი, არამედ ნაწილის განცხადება.

მისივე თქმით, მომხრეა განცხადებაში მითითებული პარტიები გაერთიანდნენ და საზოგადოების დაბნევა შეწყვიტონ, თითქოს რამე განასხვავებთ ერთმანეთისგან. მანვე აღნიშნა, რომ ისინი ვერაფერს მიაღწევენ ტყუილებით. „ეს არ არის ოპოზიციური პარტიების ერთობლივი განცხადება. ეს არის ოპოზიციური პარტიების ნაწილის განცხადება - მომხრე ვარ გაერთიანდნენ და საზოგადოების დაბნევა შეწყვიტონ, თითქოს რამე განასხვავებთ ერთმანეთისგან. და ეს თვითმარქვიები ვერაფერს მიაღწევენ ამ ტყუილებით. თავად ამ ტექსტის დასაწყისი საუკეთესოდ ასახავს, რატომ არიან ლუზერები“, - წერს ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში.