დემონსტრანტებმა ქვეყნის მთავარი გამზირი გამთენიისას დატოვეს - დაპირისპირებებითა და ხმაურით სავსე ღამე

ნჯ

დაპირისპირებებითა და ხმაურით სავსე ღამე - დემონსტრანტებმა ქვეყნის მთავარი გამზირი გამთენიისას დატოვეს.

აქციის მონაწილეთა დაშლამდე, ცოტა ხნით ადრე, სპეცდანიშნულების რაზმმა რუსთაველის გამზირი დატოვა და დისლოკაციის ადგილზე, საკანონმდებლო ორგანოს ცენტრალურ შესასვლელთან გადაინაცვლა. მალევე, მომიტინგეებმა ჭიჭინაძის ქუჩასა და რუსთაველის გამზირის კვეთაზე ბარიკადები აღმართეს და ტერიტორია რკინის ჯებირებით, ნაგვის ურნებითა და სკამებით შემოსაზღვრეს.

აქციის დაშლა პარლამენტის შენობასთან საღამოს ათის ნახევრისთვის დაიწყო, რამდენიმე წუთის შემდეგ, რაც საკანონმდებლო ორგანოში პარლამენტის სხდომა დასრულდა. დაპირისპირება დემონსტრანტებსა და სამართალდამცველებს შორის მთელი ღამის განმავლობაში პერიოდულად გრძელდებოდა.

სპეცდანიშნულების რაზმის წარმომადგენლებმა აქციის მონაწილეთა დასაშლელად წყლის ჭავლი, ე.წ. გაზის კაფსულები, წიწაკის სპრეი და რეზინის ხელკეტები გამოიყენეს. დემონსტრანტები, თავის მხრივ, სამართალდამცველებს წყლის ბოთლებსა და სხვადასხვა საგანს ესროდნენ.