სოზარ სუბარი ოპოზიციონერების სუსში გამოკითხვაზე: თუ რაიმე ინფორმაცია აქვთ, მიაწოდონ შესაბამის უწყებას. ხოლო თუ არ აქვთ, მაშინ უნდა განმარტონ, რატომ აბრალებენ ჩვენს ქვეყანას იმას, რაც არა მხოლოდ დამაზიანებელი, არამედ შეიძლება დამღუპველიც კი იყოს საქართველოსთვის

სუბარი

„ნამდვილად არ ვიცი, ვინაა დამკვეთი ქვეყანა ამ შემთხვევაში, მაგრამ როცა ასეთი ბრალდებები მიზანმიმართული კამპანიის ხასიათს იძენს, ცხადია, რომ ეს არაა შემთხვევით, ჰაერზე წამოსროლილი სიტყვები. შესაბამისად, ბუნებრივია, რომ ამ კამპანიის ავტორები უნდა გამოიკითხონ,“ - განაცხადა მედიასთან საუბარში პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ, სოზარ სუბარმა თინა ხიდაშელის, გუბაზ სანიკიძისა და გიორგი კანდელაკის სუს-ში გამოკითხვაზე დაბარებასთან დაკავშირებით.

მისი თქმით, ოპოზიციონერი პოლიტიკოსების მიერ გაჟღერებული ცრუ ბრალდებები აუცილებლად უნდა იქნეს ბოლომდე გამოძიებული, რადგან მსგავსი დეზინფორმაციის გავრცელება არის ქვეყნის მტრობა, რომლის უკანაც სხვა სახელმწიფოთა ინტერესი იკვეთება.

„ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ღიად აცხადებენ, რომ საქართველოში ხდება ტერორისტების მომზადება და მათი რეკრუტირება. ეს არის განცხადება, რომელიც აუცილებლად უნდა იქნეს გამოძიებული. ეს რომ სიმართლე იყოს, ისინი დიდი ხნის წინ უნდა მისულიყვნენ შესაბამის ორგანოებში და განეცხადებინათ ამის შესახებ. მაგრამ, რადგან დანამდვილებით ვიცით, რომ ამ განცხადების უკან ფაქტები არ დგას, შესაბამისად, მსგავსი ბრალდებები არის ქვეყნის მტრობა, რომლის უკანაც სხვა სახელმწიფოთა ინტერესი იკვეთება.

ნამდვილად არ ვიცი, ვინაა დამკვეთი ქვეყანა ამ შემთხვევაში, მაგრამ როცა ასეთი ბრალდებები მიზანმიმართული კამპანიის ხასიათს იძენს, ცხადია, რომ ეს არაა შემთხვევით, ჰაერზე წამოსროლილი სიტყვები. შესაბამისად, ბუნებრივია, რომ ამ კამპანიის ავტორები უნდა გამოიკითხონ და, თუ რაიმე ინფორმაცია აქვთ, მიაწოდონ შესაბამის უწყებას. ხოლო თუ ინფორმაცია არ აქვთ, მაშინ უნდა განუმარტონ გამოძიებას და საზოგადოებასაც, რატომ აბრალებენ ჩვენს ქვეყანას იმას, რაც არა მხოლოდ დამაზიანებელი, არამედ შეიძლება დამღუპველიც კი იყოს იმ ვითარებაში, რაც ჩვენს სამეზობლოში ხდება - როდესაც სამხრეთით ომის ქარცეცხლშია გახვეული მთელი სამეზობლო, ხოლო ჩრდილოეთით უკვე მეოთხე წელია გრძელდება რუსეთის აგრესია უკრაინის წინააღმდეგ.

რაც შეეხება კონკრეტულად იმ უნივერსიტეტს, რომლის შესახებაც რადიკალები ლაპარაკობენ - ხელისუფლებამ განაცხადა, რომ მსგავსი უნივერსიტეტი არ არსებობს, თუმცა არის ორგანიზაცია, რომელიც, როგორც საჯარო წყაროებში იძებნება, 2011 წელს, მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს დაფუძნებულა და მაშინაც არსებობდა, როდესაც თინა ხიდაშელი თავდაცვის მინისტრი იყო. რა გამოდის, ეს ორგანიზაცია მაშინ არ იყო პრობლემა და დღეს იქცა საფრთხედ? დარწმუნებული ვარ, რომ ეს ორგანიზაცია, მისი საქმიანობა და მისი თითოეული წევრი ჩვენს სპეცსამსახურებს კარგად ეყოლებათ შესწავლილი და საფრთხეს რომ ხედავდნენ, შესაბამისი რეაგირებაც მომხდარი იქნება. ერთადერთი ტერორისტული ორგანიზაცია, რომელიც მახსენდება, ეს არის ფრანკლინის კლუბი, სადაც ახალგაზრდებს ატრენინგებდნენ თუ როგორ უნდა მიეტანათ შტურმი პარლამენტის შენობაზე, როგორ დაემზადებინათ ე. წ. „მოლოტოვის კოქტეილი“ , როგორ მოეწყოთ პროვოკაციები რადიკალური საპროტესტო აქციების დროს და როგორ შესულიყვნენ კონფლიქტში სამართალდამცავებთან და ამ ყველაფერს ევროკავშირი აფინანსებდა. საქართველოში მე სხვა ტერორისტული ორგანიზაცია არ მეგულება

 

კიდევ ერთი ბრალდება, რაც ამ დღეებში გაისმა, ისაა, თითქოს საქართველო არის ირანის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი და მას სანქციების გვერდის ავლაში ეხმარება. ესეც საქართველოს შიდა თუ გარე მტრების კარგად ნაცნობი ხელწერაა - 4 წელია ჩვენს ქვეყანას აბრალებენ, თითქოს საქართველო რუსეთს ეხმარება სანქციების გვერდის ავლაში, თუმცა, ამ წლების განმავლობაში ამის დამადასტურებელი ვერც ერთი ფაქტი ვერ მოიყვანეს. მეტიც, სანქციების შემსწავლელმა საერთაშოროსო კომისიამ პირდაპირ დაადასტურა, რომ საქართველო ზედმიწევნით ასრულებს ამ სფეროში საერთაშორისო ვალდებულებებს.

რაც შეეხება განცხადებას, თითქოს ირანი საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია, ეს არის აბსოლუტური ტყუილი. მიუხედავად გეოგრაფიული სიახლოვისა, საქართველოსა და ირანს შორის ვაჭრობის მოცულობა საკმაოდ შეზღუდულია და 150-200 მილიონ დოლარს შორის მერყეობს, მაშინ როცა ჩვენი სამხრეთკავკასიელი მეზობლების ვაჭრობა ირანთან 4-5-ჯერ აღემატება ჩვენს სავაჭრო ბრუნვას. მაგალითად, სომხეთის ვაჭრობა ირანთან აღწევს დაახლოებით 1 მილიარდ დოლარს, აზერბაიჯანისა კი - დაახლოებით 700 მილიონს. ამის მიუხედავად, არ მახსენდება და არც მგონია, რომ გამოსულიყო რომელიმე აზერბაიჯანელი ან სომეხი ოპოზიციონერი და, როგორც ჩვენი რადიკალები ამბობენ, „ტერორისტულ ქვეყანასთან“ თანამშრომლობა დაებრალებინათ საკუთარი ხელისუფლებისთვის. რატომ? იმიტომ, რომ ისინი დაპირისპირებულნი არიან საკუთარ ხელისუფლებასთან და არა საკუთარ ქვეყანასთან და არ ასრულებენ უცხო ქვეყნების დაკვეთებს.

ხოლო როდესაც მსგავსი ბრალდებები კეთდება საქართველოს ხელისუფლებისა და ქართული სახელმწიფოს მიმართ, ეს არის აბსოლუტურად შეგნებული მტრობა ქვეყნის წინააღმდეგ და გაცხადებული პოლიტიკა, რომ აისრულონ ის ნატვრა, რაც ნინო ლომჯარიამ ყველაზე მკაფიოდ განაცხადა, როდესაც საქართველოში „ცხელი ბომბების წვიმა“ ინატრა. იგივეს ამბობდნენ გიგაურები და სხვებიც - როცა ამბობდნენ,  რომ გაიხსნა „შესაძლებლობების ფანჯარა“, რათა საქართველომ დაძრას ჯარები რუსეთის წინააღმდეგ, როცა ღია ეთერებიდან გაჰყვიროდნენ - „დიახ, ომი გვინდაო“. ახლა, როგორც ჩანს, უნდათ, რომ საქართველო ირანის წინააღმდეგ ომშიც აღმოჩნდეს ჩართული,“ - განაცხადა სოზარ სუბარმა.