დეპრესია, შესაძლოა, ყოველდღიურად მიღებულმა ამ ერთმა პროდუქტმა გამოიწვიოს - ფსიქიატრი
1753720693
პოლიტიკური შეფასებების თემაა საზოგადოებრივი აზრის კვლევა, რომელიც "გორბიმ" ტელეკომპანია "იმედის" დაკვეთით ჩაატარა. 22 ივნისიდან 5 ივლისამდე, პირისპირი ინტერვიუს პრინციპით, 2 300 პირი გამოიკითხა.
"გორბის" კვლევის მიხედვით, კითხვაზე, პარლამენტის არჩევნები ამ კვირას რომ ტარდებოდეს ვის მისცემდით ხმას შემდეგი პარტიებიდან? - გამოკითხულთა 56.2%-მა "ქართული ოცნება" დაასახელა. 10.7% - "ლელო - ძლიერი საქართველო", 10% - "გახარია საქართველოსთვის", 9.5% - "კოალიცია - ცვლილებისთვის", 7.5% - "ნაციონალური მოძრაობა", 3.2% - "გირჩი", 1.8% - "პატრიოტთა ალიანსი".
"ლელოში" აცხადებენ, რომ "გორბი" 13 წლის განმავლობაში ტყუილსა და სიყალბეს აქვეყნებს, რათა დათესოს დაპირისპირებები.
"სოციოლოგიური ორგანიზაცია "გორბი", რომელიც 13 წლის განმავლობაში აქვეყნებს ტყუილსა და სიყალბეს იმისთვის, რომ დათესოს დაპირისპირებები, მათ შორის ოპოზიციურ ველზე, მანიპულაცია მოახდინოს მოქალაქეების განწყობებზე. მოვუწოდებთ ოპოზიციურ საზოგადოებას, პროდასავლურ საზოგადოებას, სწორად გავიაზროთ და ვუპასუხოთ იქ მტკივნეულად, სადაც ყველაზე მეტად ეშინია. ეს არის ბრძოლა ყველა ველზე, მათ შორის თვითმმართველობის არჩევნებზე“, - აცხადებს პარტია ”ლელო - ძლიერი საქართველოს” გენერალური მდივანი ირაკლი კუპრაძე.
გახარიას პარტიაში კი იმ ოპოზიციურ პარტიებზე აკეთებენ აქცენტს, რომლებიც არჩევნებში მონაწილეობას არ აპირებენ - ექსპრემიერის გუნდში ამბობენ, რომ ამ ოპოზიციურ პარტიებს თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობაზე თანხმობა რომც განეცხადებინათ, მაინც პროცენტულად მათზე უკან იქნებოდნენ.
"დარწმუნებული ვარ იმაში, რომ იმ ოპოზიციურ პარტიებს, რომლებსაც უარი აქვთ ნათქვამი თვითმმართველობის არჩევნებზე, თანხმობაც რომ განეცხადებინათ, პროცენტულად მაინც ჩვენზე უკან იქნებოდნენ. "გორბმა" რა კვლევებიც არ უნდა დადოს, არც აქამდე და არც ამის შემდეგ, "გორბის" კვლევა ჩვენთვის სერიოზული ვერ იქნება. თუ "ოცნებას" სურს, რომ საკუთარი თავი მოიტყუოს, შეუძლია, ეს კვლევები კვირაში ერთხელ აკეთოს ხოლმე და მერე თავის სლაიდებს უყუროს", - აცხადებს პარტიის "გახარია საქართველოსთვის" პოლიტიკური საბჭოს წევრი გიორგი ჭანტურია.