,,შეიძლება, ვინმეს არც აწყობს სახელმწიფოს მიერ ნორმალური, ევროპულის სტანდარტის არჩევნებზე დაკვირვება, რაც მორიგი დადებითი დასკვნის წინაპირობას შექმნის" - გიორგი ვოლსკი

ვოლსკი

ზეწოლის თავიდან ასაცილებლად მიღებული გადაწყვეტილება - ასე აფასებს მმართველი გუნდი ეუთო-ოდირის პასუხს - არ გამოაგზავნოს მისია საქართველოში 4 ოქტომბრის არჩევნებზე დასაკვირვებლად. მმართველ გუნდში ამბობენ, რომ მსგავსი ნაბიჯი მოსალოდნელი იყო და ამის შესახებ თავად პრემიერ-მინისტრმა მისიის მოწვევისთანავე განაცხადა.

ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციამ ოფიციალური უარის მიზეზად მისიის მოსამზადებლად არასაკმარისი დრო დაასახელა, თუმცა რა დრო სჭირდება სადამკვირვებლო ჯგუფს - ვადები არცერთ დოკუმენტში გაწერილი არ არის.

"ევროპული ორგანიზაციებისა და ევროპული ფორმატების ისტორიას არ ახსოვს ასეთი ზეწოლა და ბულინგი მას შემდეგ, რაც ეუთო/ოდირი დააკვირდა საქართველოში არჩევნებს და პოზიტიური დასკვნა დადო. რასაკვირველია, ასეთი ბულინგისა და ზეწოლის ქვეშ მყოფი ორგანიზაციის საქართველოში ჩამოსვლა არჩევნებისთვის გარკვეულ ეჭვებს იწვევდა მათ სამართლიანობაში. შეიძლება, ვინმეს არც აწყობს სახელმწიფოს მიერ ნორმალური, ევროპულის სტანდარტის არჩევნებზე დაკვირვება, რაც იმის წინაპირობას შექმნის, რომ კვლავ დადებითი დასკვნა გამოქვეყნდეს ჩატარებული არჩევნების თაობაზე", - აცხადებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი.