1792094214
შალვა პაპუაშვილი შვეიცარიის კონფედერაციის პარლამენტის ეროვნული საბჭოს პრეზიდენტს, პიერ ანდრე პაჟს შეხვდა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი შვეიცარიის კონფედერაციის პარლამენტის ეროვნული საბჭოს პრეზიდენტს, პიერ ანდრე პაჟს შეხვდა.
შეხვედრაზე განიხილეს საქართველოსა და შვეიცარიას შორის მრავალწლიანი ნაყოფიერი თანამშრომლობა. აღინიშნა, რომ უკანასკნელ წლებში თანამშრომლობა გაღრმავდა, მათ შორის, ისეთ სფეროებში, როგორებიცაა მიგრაცია, გარემოს დაცვა და, განსაკუთებით, პროფესიული განათლება, რომლის მიმართაც შვეიცარიის პარლამენტის თავმჯდომარემ განსაკუთრებული ინტერესი გამოხატა.
შალვა პაპუაშვილმა მადლიერება გამოხატა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი შვეიცარიის ურყევი მხარდაჭერის გამო და, ასევე, შვეიცარიის მიერ შუამავლის მანდატის შესრულებასთან დაკავშირებით საქართველო-რუსეთის ურთიერთობებში.
მხარეებმა დადებითად შეაფასეს ორმხრივი პოლიტიკური დიალოგის მზარდი დინამიკა და მიესალმნენ უკანასკნელ წლებში განხორციელებულ მაღალი დონის ვიზიტებს.
შეხვედრაზე ისაუბრეს საპარლამენტო თანამშრომლობის განმტკიცებაზე. ყურადღება გამახვილდა მეგობრობის ჯგუფებს შორის კავშირების გაღრმავებაზე.
შეხვედრა შედგა იტალიის დედაქალაქ რომში მიმდინარე ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეთა კონფერენციის ფარგლებში. საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში არიან: საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი და საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის, „ხალხის ძალის“ თავმჯდომარის მოადგილე ეკა სეფაშვილი.









