შალვა პაპუაშვილი: სამწუხაროდ, ბრიუსელი სულ უფრო მეტად და მეტად კეტავს დიალოგს და გადადის დირექტივების ენაზე, უქმნის უფრო მეტ პრობლემას კანდიდატ ქვეყნებს, ვიდრე მხარს უჭერს და ეხმარება მათ ევროინტეგრაციის გზაზე

 შალვა პაპუაშვილი

სამწუხაროდ, ბრიუსელი დღეს უქმნის უფრო მეტ პრობლემას კანდიდატ ქვეყნებს, ვიდრე მხარს უჭერს და ეხმარება მათ ევროინტეგრაციის გზაზე, - განუცხადა ქართველ ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა თურქეთში.

პარლამენტის თავმჯდომარე საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) 152-ე ასამბლეაში მიიღებს მონაწილეობას, სადაც დაგეგმილია პარლამენტის თავმჯდომარის სიტყვით გამოსვლა. ასევე, შალვა პაპუაშვილი სტამბოლში მაღალი დონის შეხვედრებს გამართავს.

როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, შეხვედრებისას საუბარი იქნება ორმხრივ ურთიერთობებზე.

„ახლა მექნება ჩრდილოეთ მაკედონიის პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრა. მასთან, როგორც კანდიდატ ქვეყანასთან, გვექნება საუბარი იმ გამოწვევებზე, რომელიც მათ აქვთ. როგორ მიდის მათთან პროცესი ევროპული ინტეგრაციის. ასევე, რა თქმა უნდა, გვექნება შესაძლებლობა ევროკავშირის წევრი ქვეყნების პარლამენტის თავმჯდომარეებსაც შევხვდეთ. საუბარი გვექნება იმ სამწუხარო მოცემულობაზე, რომელსაც ჩვენ ვაკვირდებით, სამწუხაროდ, ბრიუსელი სულ უფრო მეტად და მეტად კეტავს დიალოგს და გადადის დირექტივების ენაზე, რაც ვფიქრობ, რომ არასწორია. ეს პრობლემები ევროკავშირის შიგნიდან უნდა გადაწყდეს. სამწუხაროდ, ბრიუსელი დღეს უქმნის უფრო მეტ პრობლემას კანდიდატ ქვეყნებს, ვიდრე მხარს უჭერს და ეხმარება მათ ევროინტეგრაციის გზაზე. ამ მხრივ, პირდაპირი კომუნიკაცია წევრი ქვეყნების პარლამენტებთან, ჩვენთვის მნიშვნელოვანია.

ასევე, შეხვედრა გვექნება ყურის ქვეყნების წარმომადგენლებთან, ემირატები, საუდის არაბეთის პარლამენტის წარმომადგენლებთან და რა თქმა უნდა, საუბარი გვექნება ეკონომიკურ ურთიერთობებსა და რეგიონში არსებულ ვითარებაზე“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.