შალვა პაპუაშვილი „სამართლიანი არჩევნების“ განცხადებაზე: როდესაც სამართლებრივი გზით მიდიხარ, სასამართლოს პროცედურებს უნდა დაემორჩილო. ეს ორგანიზაციები არიან კანონდამრღვევები, პატივს არ სცემენ არც კანონის უზენაესობას, არც დემოკრატიას

 შალვა პაპუაშვილი

პრობლემა იმაშია, რომ როდესაც სამართლებრივი გზით მიდიხარ, სასამართლოს პროცედურებს უნდა დაემორჩილო, რასაც ეს ორგანიზაციები არ აკეთებენ, - ასე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტის კითხვას. კერძოდ, კითხვა შეეხებოდა ევროსასამართლოს მიერ 5 არასამთავრობო ორგანიზაციის დაყადაღების საქმის არსებითი განხილვის დაწყებას.

პაპუაშვილის თქმით, ეს ორგანიზაციები არიან კანონდამრღვევები და კანონის უზენაესობას პატივს არ სცემენ.

„მათ მიმართეს საკონსტიტუციო სასამართლოს, მოითხოვეს კანონის შეჩერება გადაწყვეტილების მიღებამდე, საკონსტიტუციო სასამართლომ უარი უთხრა, მიმართეს სტრასბურგის სასამართლოს და არც სტრასბურგს არ შეუჩერებია. არც სტრასბურგმა, არც საკონსტიტუციო სასამართლომ კანონის მოქმედება განხილვის პროცესში არ შეაჩერეს, რაც ნიშნავს იმას, რომ მათ უნდა შეასრულონ კანონი. მაგრამ ვხედავთ, რომ ეს ორგანიზაციები დღეს არიან კანონდამრღვევები, პატივს არ სცემენ არც კანონის უზენაესობას, არც დემოკრატიას, არც მართლწესრიგს, რაც კანონმორჩილებაში იგულისხმება. ამიტომ მთავარი დასკვნა ეს უნდა გამოვიტანოთ, საქმე გვაქვს კანონდამრღვევებთან, რომლებიც უცხოური დაფინანსებით არიან ამ კანონდარღვევაში წახალისებულები. ვიცით, რომ ისინი არ რეგისტრირდებიან გამჭვირვალობის რეესტრში და მათი დამფინანსებლები დაფინანსებას კი არ უჩერებენ, ფულს უმატებენ, რითაც ახალისებენ საქართველოში კანონდარღვევას, რაც აღმაშფოთებელი ფაქტია“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.

„სამართლიანი არჩევნების“ ინფორმაციით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაიწყო არსებითი განხილვა ხუთი ქართული სამოქალაქო ორგანიზაციის საბანკო ანგარიშების დაყადაღების საქმეზე.