შალვა პაპუაშვილი: სადაც საფრანგეთის საელჩო ექსტრემიზმს აფინანსებს, ნანტი ალბათ ნაკლებად გარკვეულია ჩვენს რეალობაში და შეიძლება მათი არცოდნის გამოა, რომ ბრეჟნევის საქართველო უფრო დემოკრატიული ჰგონიათ, ვიდრე დღევანდელი საქართველო

 შალვა პაპუაშვილი

შალვა პაპუაშვილი საფრანგეთის ქალაქ ნანტის მერიის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა, რომელმაც თბილისთან დაძმობილება დროებით შეაჩერა. როგორც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებთან საუბრისას განმარტა, თბილისი და ნანტი 1979 წელს დაძმობილდნენ, როდესაც საბჭოთა კავშირს ლეონიდ ბრეჟნევი მართავდა.

„გადავთვალე და როგორც ჩანს 1979 წელს არიან თბილისი და ნანტი დაძმობილების. შეგახსენებთ, 1979 წელს საქართველო იყო საბჭოთა კავშირის ნაწილი და ამ ქვეყანას მართავდა ბრეჟნევი. 1979 წელი, როდესაც ნანტი და თბილისი დაძმობილდნენ, არის წელი, როდესაც სახელმწიფოს მართავს ბრეჟნევი და წელი, როდესაც საბჭოთა კავშირი შეიჭრა ავღანეთში.

როგორც ჩანს, ნანტის მერი ფიქრობს, რომ ბრეჟნევის საქართველო იყო უფრო დემოკრატიული, ვიდრე დღევანდელი საქართველო. არასერიოზულია საერთო ჯამში ასეთი მიდგომები, თუმცა გასაკვირი არ არის, იმ პირობებში, როცა საფრანგეთის საელჩო აფინანსებს „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებს - ვნახეთ ჩვენ, რომ აფინანსებენ „ნაცმოძრაობის“ სიის წევრს, რომელიც პარლამენტის წევრი გახდა, თითქოს მან მარშრუტები უნდა ხაზოს სადღაც ქალაქებში და ამ დაფინანსებიდან 2 კვირაში, ამ ორგანიზაციამ ექსტრემისტული განცხადება გაავრცელა, სადაც საუბრობდა, რომ პარლამენტი არის არალეგიტიმური, რითაც გამოჩნდა, სინამდვილეში რას აფინანსებს საფრანგეთის საელჩო.

ამიტომ, სადაც საფრანგეთის საელჩო ექსტრემიზმს აფინანსებს და „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებს უხდის ფულს, ნანტი ალბათ ნაკლებად არის გარკვეული ჩვენს რეალობაში და შეიძლება ვიფიქროთ, რომ მათი არცოდნის გამოა, რომ ბრეჟნევის საქართველო უფრო დემოკრატიული ჰგონიათ, ვიდრე დღევანდელი საქართველო“, - განაცხადა პაპუაშვილმა.