1783873081
შალვა პაპუაშვილი: ობიექტური შეფასება როცა ხდება, ფაქტია, საქართველო ლიდერია, როცა პოლიტიკური ინტერესები და უცხოელებში ქვეყნის დაზიანების სურვილია, მაშინ საქართველოსთან დაკავშირებით კატასტროფას წარმოადგენენ ხოლმე
როცა ობიექტური შეფასება ხდება, ფაქტია, რომ საქართველო ლიდერია, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, როცა პოლიტიკური ინტერესები და უცხოელებში ქვეყნის დაზიანების სურვილია, მაშინ საქართველოსთან დაკავშირებით კატასტროფას წარმოადგენენ ხოლმე.
„კანდიდატი ქვეყნების პარლამენტის თავმჯდომარეების შეკრებაზე ვიყავი, სადაც ბევრ რამეზე ვისაუბრეთ, მათ შორის, ვინ სად იმყოფება. აბა, თქვენ იმათი კრიტიკა მოისმიმეთ, რა დღეში ჰყავთ პოლიტიკურად მოტივორებული წინაპირობების დასახელებით. მაგალითად, სერბეთს, მოლაპარაკებების ე.წ. მესამე კლასტერი არ გაუხსნეს იმის გამო, რომ ბალტიის ქვეყნები ითხოვენ, რომ სერბეთმა რუსეთს სანქცია დაუწესოს. ეს იმათ გასაგონად, რომლებიც ამბობენ, რომ თითქოს, ბრიუსელი ჩვენგან რუსეთისთვის სანქციების დაწესებას არ ითხოვს. მანამ, სანამ ჩვენ რუსეთს ორმხრივ სანქციებს არ დავუწესებთ, არავინ არც კი იფიქროს, რომ ვინმე ჩვენ მოლაპარაკებას გაგვიხსნის. ჩრდილოეთ მაკედონია 16-17 წელია, კანდიდატი ქვეყანაა და მას მოლაპარაკება დღემდე არ აქვს გახსნილი. ადამიანები გაკვირვებული არიან, საკუთარი ქვეყნის სახელწოდებაც კი შეაცვლევინეს და ჩრდილოეთ მაკედონია დაარქმევინეს. პირობა მისცეს, რომ გაგიხსნითო, ეს პირობა დაურღვიეს და დღეს უკვე კონსტიტუციის შეცვლას სთხოვენ და ვეღარ გაუგიათ, რა პირობებია. ბოსნია და ჰერცოგოვინას სტატუსი ჩვენზე ადრე მისცეს, მაგრამ მოლაპარაკებას დღემდე არ უხსნიან. უკრაინას რა პირობებს უყენებენ, საკუთარი ისტორიის გადახედვის გარეშე რომ ნაბიჯს არ გადაადგმევინებენ, ესეც ხომ ფაქტია? – ამაზე თავად უკრაინის ხელისუფლების რეაქცია ნახეთ. ეუბნებიან, თქვენი ისტორია უნდა დაინახოთ არა როგორც თქვენ ხედავთ, არამედ ჩვენ როგორც გეტყვით, ისტორია როგორ განსაჯოთ, ისე უნდა განსაჯოთ თქვენი საკუთარი ისტორიაო.
რაც გაფართოების მხრივ მიმდინარეობს სამწუხარო პროცესია. ეჭვი მაქვს, რომ ევროკავშირი გაფართოების დაპირებისგან, რომელიც უკრაინაში ომის დაწყებიდან მეორე დღეს გასცა, ამ დაპირებიდან გასვლას ცდილობს და მიზეზ-მიზეზ სხვადასხვა ქვეყნებისთვის იქით შედავებას ცდილობს“,- განაცხადა პაპუაშვილმა.











