1783873081
შალვა პაპუაშვილი: კაია კალასსა და მარტა კოსს თავიანთ რიგებში ჰყავთ ძალადობის განმახორციელებლები, ისინი, რომლებიც 4 ოქტომბრის გადატრიალებასა და პარლამენტის დაწვის მცდელობაში მონაწილეობდნენ
ამ ესკალაციას გარკვეული პერიოდია, ვაკვირდებით. „ალდემ“ და მსგავსმა გაერთიანებებმა ჯერ წაუყრუეს ადამიანის ღირსებაზე შეურაცხყოფას და სიტყვიერ თავდასხმას. მათ რიგებში ჰყავთ ზიზღის ენის შემოქმედები. შემდეგ წაუყრუეს ფიზიკურ ძალადობას, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, კაია კალასსა და მარტა კოსს საკუთარ რიგებში ჰყავთ ძალადობის ინსპირატორები და განმახორციელებლები, კერძოდ, ისინი, რომლებიც 4 ოქტომბრის გადატრიალებასა და პარლამენტის დაწვის მცდელობაში მონაწილეობდნენ.
„ამის შემდეგ ლოგიკური გაგრძელებაა, რომ სიტყვიერ და ფიზიკურ თავდასხმას გასცდნენ და საქმე ტერორისტულ აქტამდე მივიდა, რაზეც ალეკო ელისაშვილს შესაბამისი სასჯელი მიესაჯა. ახლა უკვე ტერორისტული აქტის მიმართ ტოლერანტობას იჩენენ, რაც კიდევ ერთხელ აჩვენებს „ალდეს“, როგორც გაერთიანების საეჭვო ღირებულებით კოორდინატებს. განსაკუთრებით სკანდალურია ის, რომ „ალდეს“ ლიდერები არიან მარტა კოსი და კაია კალასი, რომლებიც ევროკავშირის საგარეო პოლიტიკაზე პასუხს აგებენ საქართველოსთან დაკავშირებით. როცა ტერორისტთან ერთად ერთ პოლიტიკურ ოჯახში იმყოფებიან, ეს დიდი სკანდალია. კვალიფიკაციას და დანაშაულს სასამართლო ადგენს, რომელიც ჩატარდა, მტკიცებულებები იყო წარდგენილი, განაჩენი კი – გამოტანილი. მგონი, ყველას თვალები გვაქვს და ვხედავთ. შევთანხმდით, რომ ელისაშვილი ტერორისტია? მოტივზე ელისაშვილმა სასამართლოზე ილაპარაკა, მათ შორის იმაზე, როგორ გეგმავდა ეყიდა ავტომატები თუ რაღაც, მოსამართლეებსა და პროკურორებს დახვედროდა და დაეცხრილა. ზუსტად ეს თქვა. სიტყვა-სიტყვით თქვა, რომ თავიდან აპირებდა, დაეცხრილა. ყველა ტერორისტი იმას ამბობს, რომ უსამართლობას ებრძვის, ვინც ბავშვებს კლავს, ვინც მანქანებს აფეთქებს, ვინც შენობებს წვავს. ყველა ტერორისტი ამბობს, რომ სამართლიანობისთვის იბრძვის. ადამიანი, რომელიც ტერორისტულ აქტს ჩაიდენს, ტერორისტია. ტერორისტული აქტი ჩაიდინა, ეს სასამართლომ დაადგინა. შევთანხმდით, რომ ტერორისტული აქტია?“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.











