შალვა პაპუაშვილი: ჯერ შვილი ჩახუნაშვილი მოუწოდებდა თავის მამას - იჯექი ციხეში, არ გამოხვიდეო... ახლა შვილი ბურჭულაძე მოუწოდებს მამას - იჯექი ციხეშიო

შალვა პაპუაშვილი

ჯერ შვილი ჩახუნაშვილი მოუწოდებდა თავის მამას იჯექი ციხეში არ გამოხვიდეო და კიდევ კარგი მამამ შვილს არ დაუჯერა. ახლა შვილი ბურჭულაძე მოუწოდებს მამა ბურჭულაძეს - იჯექი ციხეში არ გამოხვიდეო, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

შალვა პაპუაშვილის განმარტებით, რომ არა უსაფრთხოების სისტემის გამართული მოქმედება, დღეს ბურჭულაძე, ზოდელავა და სხვები თავს კი არ შეაცოდებდნენ ხელისუფლებას, რომ ციხეში არიან და ოჯახს ვერ ხედავენ, წამომსხდარები იქნებოდნენ სავარძლებში, საქართველოში კი სისხლის გუბეები იქნებოდა.

"ჯერ შვილი ჩახუნაშვილი მოუწოდებდა თავის მამას იჯექი ციხეში არ გამოხვიდეო და კიდევ კარგი მამამ შვილს არ დაუჯერა. ახლა შვილი ბურჭულაძე მოუწოდებს მამა ბურჭულაძეს - იჯექი ციხეში არ გამოხვიდეო. ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ბედნიერები არიან სახლში მარტო რომ არიან მშობლის გარეშე.
ასე რომ, მართლაც სასწაული შვილების თაობა ჰყავს ამ ექსტრემისტულ ჯგუფებს. ისე ჩანს, რომ მათი პირველადი ინტერესი არის ის, რომ თავისუფლება ჰქონდეთ აღკვეთილი საკუთარ მამებს. კარგია, რომ ჩახუნაშვილმა არ მოუსმინა, არ დაუჯერა საკუთარ შვილს, ითხოვა, აღიარა დანაშაული და გამოვიდა გარეთ.

რაც შეეხება ბურჭულაძეს, ზოგადად ორგანიზატორების მიმართ მე ცალკე დამოკიდებულება მაქვს, ვიდრე იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც ჩაითრიეს ამ ძალადობაში.

თქვენ ერთ რამეზე უნდა დაფიქრდეთ, რომ არა ჩვენი უსაფრთხოების სისტემის გამართული მოქმედება, დღეს ასე კი არ შეგვაცოდებდნენ თავს ბურჭულაძე, ზოდელავა და სხვები, რომ ციხეში არიან და ოჯახს ვერ ხედავენ, დღეს წამომჯდარები იქნებოდნენ სავარძლებში, საქართველოში იქნებოდა სისხლის გუბეებში იმით, რომ ფაქტობრივად სამოქალაქო დაპირისპირებას დაიწყებდნენ. იმ დაპირისპირებას, რომელიც წააქეზა, მათ შორის, ბრიუსელმა და კარგად იქნებოდნენ სხვადასხვა სავარძლებში წამოჭიმულები. ასე რომ, დამარცხდნენ სახელმწიფოს დამხობაში და ახლა შეირგონ ის სასჯელი, რომელიც ქართველი ხალხის სახელით, ქართულმა მართლმსაჯულებამ მათ გამოუტანა", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

✕