1769594436
შალვა პაპუაშვილი: ევროკავშირის ფული იხარჯება შიდა ტერორიზმის გამართლებაში, რაც სირცხვილია, ცდილობენ, ხელისუფლების დამხობის მცდელობა დააკნინონ და სასახლის ღობის სცენარი უწოდონ
დღეს ევროკავშირის ფული იხარჯება შიდა ტერორიზმის გამართლებაში, რაც სირცხვილია. ევროკავშირის საელჩომ ამასთან დაკავშირებით თავისი პოზიცია უნდა გვაჩვენოს. ცდილობენ, ხელისუფლების დამხობის მცდელობა დააკნინონ და სასახლის ღობის სცენარი უწოდონ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა.
პაპუაშვილს კითხვა დაუსვეს: „უცხოეთიდან დაფინანსებული „საერთაშორისო გამჭვირვალობა“, ისევე როგორც ოპოზიციური მედია „ტვ პირველი“ 4 ოქტომბრის ხელისუფლების დამხობის საქმეს მოიხსენიებს, როგორც სასახლის ღობის დამხობის საქმეს. თქვენთვის როგორ ფასდება ეს?“
„ეს კარგი დასტურია იმისა, რატომ არის დღემდე ჩუმად ევროკავშირის ელჩი და არ გმობს 4 ოქტომბრის ძალადობას, რატომ არის ჩუმად ევროკომისია, რომელიც არ გმობს 4 ოქტომბრის ძალადობას. მათ პაუზა აიღეს, რომ გარკვეული დრო გასულიყო, ამოესუნთქა ბრიუსელს და ისეთი აგრესიული კამპანიით შემოსულიყო, რასაც აკეთებს მის მიერ დაფინანსებული ორგანიზაციის ხელით. ცდილობენ, ხელისუფლების დამხობის მცდელობა დააკნინონ და სასახლის ღობის სცენარი უწოდონ, ერთი ერთში გაიმეორონ ის ნარატივი, რომელსაც ამკვიდრებს პარტიული ტელევიზია „ტვ პირველი“. ზუსტად ეს არის ევროკავშირის ცივილიზაციურ უფსკრულში ჩახედვა, ზუსტად ეს არის, რასაც აკეთებს ევროკავშირის საელჩო, როდესაც არდაგმობით ახალისებს, აქეზებს ძალადობებს. ეს არის იმის მიზეზი, რომ ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა“, რომელიც შარშან, მათ შორის ევროპული დაფინანსებით ჩაერია არჩევნებში, შემდეგ არჩევნების შედეგების დისკრედიტაციას ცდილობდა, 2025 წელს ევროკომისიამ მილიონი ლარით დააფინანსა. დღემდე ის ხარჯავს ევროკავშირის ფულს. სხვათა შორის, მთელი ირონია ისაა, რომ ფორმალური საბაბი დაფინანსების არის დეზინფორმაციისა და კოორდინირებული კამპანიის წინააღმდეგ ბრძოლა. თუნდაც მათი დღევანდელი განცხადებით, ისინი ევროკავშირის ფულს იყენებენ დეზინფორმაციისა და კოორდინირებული კამპანიისთვის, რათა 4 ოქტომბრის ძალადობა წარმოაჩინონ დაკნინებულ ფორმაში.
ყველას შევახსენებ, რომ 4 ოქტომბერს 30-ზე მეტი პოლიციელი დაშავდა, 21 პოლიციელის ჰოსპიტალიზება გახდა საჭირო. შიდა ტერორისტებს როდესაც ამართლებენ ევროკავშირის ფულით, ეს არის სირცხვილი, უპირველესად ყოვლისა, ევროკავშირის საელჩოსი, რომელსაც ევალება, ყურადღება მიაქციოს, რა მიზნებით იხარჯება ევროკავშირის მოქალაქეების ფული. სირცხვილია, როდესაც ევროკავშირის საელჩო უშვებს, რომ ევროკავშირის ფულით მოხდეს შიდა ტერორიზმის გამართლება, რასაც ჩვენ 4 ოქტომბერს ვუყურეთ, მოხდეს პოლიციელზე ძალადობის გამართლება. ამიტომაც იყო, რომ ერთი პოლიციელი არ მოუნახულებია ევროკავშირის ელჩს 4 ოქტომბრის შემდეგ, ერთი განცხადება არ გაუკეთებია, სადაც მკაფიოდ დაგმობდა, მათ შორის მისგან დაფინანსებული ადამიანების მონაწილეობას 4 ოქტომბრის პროცესში. ჩვენ ვხედავთ, ვინ იყვნენ სახეები ამ პროცესებისა. პირდაპირ არის ნიშანი იმისა, რომ აგრესიულ კამპანიაში ახლა უკვე ჩაერთვებიან უცხოეთიდან დაფინანსებული „ენჯეოები“, რათა გაამართლონ შიდა ტერორიზმი, პოლიციელებზე თავდასხმა, სახელმწიფოს გადატრიალების მცდელობები. ამაში იხარჯება დღეს ევროკავშირის ფული. ამას ვამბობ სრული პასუხისმგებლობით. ევროკავშირის საელჩომ ამასთან დაკავშირებით თავისი პოზიცია უნდა გვაჩვენოს. დღეს მისი ფული იხარჯება შიდა ტერორიზმის გამართლებაში, რაც სირცხვილია. თუ უნდა, რომ ეს სირცხვილი არ იყოს მათი ნაწილი, საჭიროა მკაფიოდ გამიჯვნა. ევროკავშირი და შესაბამისი სტრუქტურები პატიოსანი დაფინანსებით რომ იყვნენ დაინტერესებული, დღესვე შეწყვეტდნენ იმ მილიონი ლარის დაფინანსებას, რომელიც „საერთაშორისო გამჭვირვალობას“ აქვს დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლისთვის და თავად ავრცელებს დეზინფორმაციას, ჩართულია კოორდინირებულ კამპანიაში“, – განაცხადა პაპუაშვილმა.











