შალვა პაპუაშვილი: დემოკრატიამ გაიმარჯვა და ქართველი ხალხი გავიდა არა 4 ოქტომბერს 4 საათზე ქვეყნის გადასატრიალებლად, არამედ 4-ში დილის 8 საათიდან საარჩევნო უბნებზე, საკუთარი პოლიტიკური ნების დასაფიქსირებლად

 შალვა პაპუაშვილი

„4 ოქტომბერი იყო დემოკრატიის ზეიმი,“ - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა პარლამენტის სესიის დაწყებისას.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, ამ გამარჯვებას წინ უძღოდა, მოწოდებები სახელმწიფო გადატრიალებისკენ და ხელისუფლების
დამხობისკენ.

,,ვხედავდით ირიბ მხარდაჭერას გარედან და სამწუხაროდ, ვიხილეთ პირდაპირი მხარდაჭერა სახელმწიფო გადატრიალების წინასწარ დაანონსებული შეკრების მიმართ, მაგრამ დემოკრატიამ გაიმარჯვა და ქართველი ხალხი გავიდა არა 4 ოქტომბერს 4 საათზე ქვეყნის გადასატრიალებლად, არამედ გავიდა 4-ში დილის 8 საათიდან, საარჩევნო უბნებზე, საკუთარი პოლიტიკური ნების დასაფიქსირებლად.
გაიმარჯვა ქართველმა ხალხმა. დამარცხდნენ ისინი, ვინც ქვეყნის გადატრიალებას, ამ ქვეყნის 90-იან წლებში დაბრუნებას აპირებდნენ და რომლებმაც 4-ში საღამოს დადგეს სცენები, რაც პირდაპირ იმეორებდა და მეხსიერებაში აბრუნებდა კადრებს, რომლებიც ჩვენ 90-იანი წლებიდან გვახსოვს. ერთადერთი სხვაობა იყო, რომ ის კადრები შეიძლება ბევრს შავ-თეთრ ფერებში ახსოვს და ეს უფრო რაღაც ახალი კადრები იყო. თუმცა, შინაარსი და ბოროტი სულისკვეთება ზუსტად მსგავსი იყო, რასაც ჩვენ ვაკვირდებოდით,’’- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

შალვა პაპუაშვილმა, ყველას მიულოცა გამარჯვება და ზუგდიდის მერს, დავით კოდუას, რომელიც პარლამენტის წევრი იყო ზუგდიდის მერის პოზიციაზე წარმატება უსურვა.

,,მნიშვნელოვანია, რომ ის დაპირება რაც ჩვენ მივეცით ჩვენს ამომრჩევლებს - რომ 64-ვე მუნიციპალიტეტში, პირველ ტურში გაიმარჯვებდნენ მერობის კანდიდატები და გვექნებოდა 64-ვე მუნიციპალიტეტში უმრავლესობა - ეს დაპირება შესრულდა მათ შორის, წალენჯიხაში „ქართულმა ოცნებამ“ დაიბრუნა უმრავლესობა და ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს ჩვენი მოსახლეობის სიბრძნეს, რომ ის სწორად ხედავს ყველაფერს, აანალიზებს ყველაფერს, ერთმანეთისგან არჩევს ცუდს და კარგს, ბოროტს და კეთილს და იღებს ბრძნულ გადაწყვეტილებებს. ამისთვის მე მინდა, კიდევ ერთხელ, პარლამენტის სახელით მადლობა გადავუხადო ქართველ ხალხს, ჩვენს ამომრჩეველს, რომელმაც 4 ოქტომბერს, კიდევ ერთხელ, ბრძნული ნაბიჯი გადადგეს დემოკრატიულ პროცესში საკუთარი მონაწილეობით. ასე რომ, მადლობა ქართველ ხალხს მხარდაჭერისთვის“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.