შალვა პაპუაშვილი: ბოლო 13 წლის განმავლობაში აშშ-ს „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მსგავსი ერთგული პარტნიორი რეგიონში ნაკლებად თუ ეყოლებოდა

შალვა პაპუაშვილი

ბოლო 13 წლის განმავლობაში აშშ-ს „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მსგავსი ერთგული პარტნიორი რეგიონში ნაკლებად თუ ეყოლებოდა, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ბიძინა ივანიშვილის წერილთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან.

„ზუსტად იდენტური განცხადება იყო მათ შორის, როდესაც ელჩი დეგნანი ცდილობდა თავის დროზე [ივანიშვილთან] შეხვედრას. ჩვენ თანმიმდევრულები ვართ ჩვენს მიდგომებში და კეთილსინდისიერები და ღია ვართ პარტნიორობაში. ეს ვაჩვენეთ წლების განმავლობაში. არ დავიღლებით ამის შეხსენებით.

ბოლო 13 წლის განმავლობაში აშშ-ს „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მსგავსი ერთგული პარტნიორი რეგიონში ნაკლებად თუ ეყოლებოდა მათ შორის იმით, რომ ჩვენ ვიყავით მთავარი გვერდში მდგომი, როდესაც ავღანეთის მისია იყო საჭირო, როდესაც ნატო-ს წევრების უმეტესობა დაიმალა და გაექცა ომს - ტყვიას და დენთის სუნს. იქ ვიყავით ქართველები და იქ დავუდექით გვერდში ამერიკის შეერთებულ შტატებს და მათ შორის ამით ფინანსური შეღავათიც გავუკეთეთ. არაერთხელ თქმულა ბატონი ბიძინა ივანიშვილის მიერ მისი პოზიცია და ის, რომ ბაიდენის ადმინისტრაციამ თავის დროზე ამას ყური არ უგდო, ამ მხრივ ცუდი იყო“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.