შალვა პაპუაშვილი აზერბაიჯანის რესპუბლიკის მილი მეჯლისის თავმჯდომარეს შეხვდა

შალვა პაპუაშვილი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი აზერბაიჯანის რესპუბლიკის პარლამენტის - მილი მეჯლისის თავმჯდომარე საჰიბა გაფაროვას შეხვდა.

შალვა პაპუაშვილმა აზერბაიჯანელ კოლეგას მადლობა გადაუხადა იმისთვის, რომ აზერბაიჯანის პარლამენტის დელეგაციამ, საჰიბა გაფაროვას ხელმძღვანელობით პატივი მიაგო საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის ხსოვნას და მონაწილეობა მიიღო მისი უწმინდესობის დაკრძალვის ცერემონიაში.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის მრავალმხრივ ნაყოფიერ თანამშრომლობას.

ორ ქვეყანას შორის საპარლამენტო კავშირების განმტკიცებაში შეტანილი განსაკუთრებული და მრავალწლიანი წვლილისათვის, შალვა პაპუაშვილმა საჰიბა გაფაროვას პარლამენტის საპატიო მედალი გადასცა.

მხარეებმა დაადასტურეს სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომი გაღრმავების მზაობა.

ხაზი გაესვა მაღალი დონის ვიზიტების დადებით დინამიკას. ყურადღება გამახვილდა აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის მიერ საქართველოში განხორციელებული ვიზიტის მნიშვნელობაზე.

დადებითად შეფასდა ორი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოებს შორის კავშირები, როგორც თავმჯდომარეებს, ისე სექტორულ კომიტეტებსა და მეგობრობის ჯგუფებს შორის.

მხარეებმა, ასევე, ისაუბრეს სამხრეთ კავკასიის რეგიონში არსებულ ვითარებაზე და ხაზი გაუსვეს მშვიდობისა და უსაფრთხოების მნიშვნელობას. აღინიშნა სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე რეგიონული პროექტების განხორციელებაზე მუშაობის მზაობა.

შეხვედრა შედგა თურქეთის რესპუბლიკის ქ. სტამბოლში მიმდინარე საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) გენერალური ასამბლეის 152-ე სხდომის ფარგლებში. დელეგაციაში, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე ხელმძღვანელობს, შედიან: საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძე.

ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.