„მაქვს 3-საათიანი ჩანაწერი...“ - სალომე გოგიაშვილი სკანდალური ამბის დეტალებს ასაჯაროებს
1754855940
დღეს შინდისის გმირების დღეა, დღე როდესაც გაიმართა გმირული ბრძოლა 22 ქართველ ჯარისკაცსა და 100 მოწინააღმდეგეს შორის - რუსეთის არმიის წარმომადგენლები ერთი მხრივ და მეორე მხრივ საქართველოს ჯარის წარმომადგენლები. ხუთჯერ აღმატებულ მტერს შეებრძოლნენ ჩვენი ჯარისკაცები, 17 დაიღუპა გმირულად, - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბარში პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა, რომელიც სოფელ შინდისში დაღუპულ გმირთა მემორიალთან იმყოფებოდა.
„ისტორია ყოველთვის გვაჩვენებს, რომ ქართველი მებრძოლი არ უშინდება რიცხოვნობას. ხვალ ჩვენ აღვნიშნავთ დიდგორობას, სადაც ხუთჯერ აღმატებულ მტერთან გავიდა ქართველი საომრად და გაიმარჯვა. ეს ჩვენ გვაჩვენებს, რომ ქართველი ჯარისკაცისთვის ყველა ბრძოლა დიდგორია“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.
მან გაიხსენა 2008 წლის ომის შემდგომ განვითარებული პროცესები და აღნიშნა, რომ, რომ არა მაშინდელი მარიონეტული რეჟიმი, ეს ომი არ მოხდებოდა.
„ამავე დროს, ეს გვაჩვენებს, რომ ყოველ ბრძოლას არ ჰყავს დავით აღმაშენებლის მსგავსი პატრიოტი მთავარსარდლები და რომ არა ის მარიონეტული რეჟიმი, რომელიც 17 წლის წინ იყო, ეს ომი არ იქნებოდა. შეიძლება არ ყოფილიყვნენ გმირები, მაგრამ იქნებოდნენ თავიანთ ოჯახებთან, შვილებთან და ეს არის ის გაკვეთილი, რომელიც ჩვენმა საზოგადოებამ ისწავლა. 17 წლის წინ სააკაშვილის მარიონეტულმა რეჟიმმა გეოპოლიტიკურ დიდ საჭადრაკო დაფაზე საქართველო პაიკად გამოაყენებინა. იმედია, ბოლოსკენ მიდის უკრაინაში მიმდინარე ომი, ჯერ კიდევ ბევრი საკითხია გადასაწყვეტი, თუმცა არის პოლიტიკური ნება და იმედია ეს ომი მალე დასრულდება. ამას ვამბობდით ჩვენ თავიდანვე: ქართველებმა ყველაზე კარგად ვიცით, როგორ იწყება და სრულდება ასეთი ომები. 17 წლის წინ, 12 აგვისტოს დაიდო შეთანხმება, 6-პუნქტიანი გეგმა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, რომელიც ევროკავშირის შუამდგომლობით იყო ხელმოწერილი და ეს გეგმა დღემდე შეუსრულებელია. მათ შორის, ერთ-ერთი პუნქტი იყო რუსეთის მხრიდან ჯარების გაყვანა საწყის პოზიციებზე. ამ შეთანხმების გარანტორი იყო ევროკავშირი, თუმცა მიუხედავად იმისა, რომ რუსეთს ნაკისრი ვალდებულებები არ შეუსრულებია, ევროკავშირს არც სანქციები დაუწესებია რუსეთისთვის, არც რაიმე პოლიტიკური ფასი გადაუხდევინებია და ამის შემდეგ იყო „ნორდ სტრიმების“ და მილების მშენებლობა რუსეთთან, სტრატეგიული პროექტები გერმანიასა და რუსეთს შორის, გაცხოველებული ვაჭრობა ევროპასა და რუსეთს შორის. ჩვენი ომი დასრულდა, ერთგვერდიან ხელშეკრულებაზე ხელი მოვაწერეთ და მიეცა ეს მივიწყებას. პირიქით, საქართველოს დაედო ემბარგო, იარაღს არ გვაძლევდა არც ევროპა და არც აშშ, ნაომარ ქვეყნისთვის იარაღის მიყიდვა აკრძალეს. დღეს რომ გამოდიან და ხმამაღლა საუბრობენ, თუ როგორ დაუდგენენ გვერდში უკრაინას, და როგორ გვედგნენ ჩვენ - აგვიკრძალეს იარაღის ყიდვა და სანქცია დაადეს არა რუსეთს, არამედ საქართველოს 2008 წლის შემდეგ. ეს გაკვეთილი გვაქვს გამოვლილი, სწორედ ამიტომ გამოიჩინა ქართველმა ხალხმა სიბრძნე 2022 წელს და არ ჩაათრევინა ისეთ ომში, რომელიც ჩვენ უკვე ნანახი გვაქვს და რომლის დასასრულიც ვიცით, როდესაც შენ მარიონეტი ხარ სხვის ხელში“, - განაცხადა პაპუაშვილმა.