ერთობლივად ჩატარებული ღონისძიების ფარგლებში, ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებების შემცველი მედიკამენტების შემოტანის ფაქტი აღიკვეთა

ფსიქოტროპული ნივთიერებები

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვები პუნქტი თბილისის აეროპორტის მებაჟე ოფიცრებმა, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებთან ერთად ჩატარებული ღონისძიების შედეგად, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებების შემცველი მედიკამენტები (საერთო ჯამში 111 აბი) აღმოაჩინეს, - ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

„მებაჟე ოფიცრების მიერ, უცხო ქვეყნის მოქალაქის, როგორც ფიზიკური, ასევე ბარგის დეტალური დათვალიერების შედეგად, აღმოჩენილი იქნა სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ფარმაცევტული პროდუქტი, რომლის შემოტანაც ნებადართულია მხოლოდ შესაბამისი სამედიცინო დოკუმენტაციის საფუძველზე.

აღნიშნულმა სამართალდამრღვევმა მოქალაქემ კანონმდებლობით გათვალისწინებული დოკუმენტაცია ვერ წარმოადგინა.

საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის სამსახურს გადაეცა“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.