სასამართლო განხილვები ვერ იქნება არეულობის ნიადაგი, ნებისმიერი სასამართლო განხილვა კანონის ჩარჩოებში უნდა მოექცეს, მისი გაშუქებაც კანონის ჩარჩოებში უნდა მოხდეს - დავით მათიკაშვილი

დავით მათიკაშვილი

სასამართლო განხილვები ვერ იქნება ნიადაგი, სადაც არეულობა და ქაოსი ხდება. ნებისმიერი სასამართლო განხილვა კანონის ჩარჩოებში უნდა მოექცეს და მისი გაშუქებაც კანონის ჩარჩოებში უნდა მოხდეს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.

როგორც მათიკაშვილმა აღნიშნა, სასამართლო სხდომაზე ვიდეო და აუდიოჩაწერასთან დაკავშირებით ნებართვის გაცემა სასამართლოს გადასაწყვეტი იქნება.

„სასამართლო დარბაზში აუდიო ჩაწერა ისედაც ხდება. ანუ, ინფორმაცია, განხილვაზე რა გაჟღერდა და ა.შ. მხარეებს ისედაც ეძლევათ საპროცესო ნორმებიდან გამომდინარე. შემდგომ უკვე მათი უფლებაა, გადასცემენ თუ არა სხვა პირს. რაც შეეხება ჩაწერას, შემოთავაზებული ვერსიით, ნებართვის მიღება იქნება სასამართლოს გადასაწყვეტი. შესაბამისად, სასამართლოში რაც ხდება, ბუნებრივია, მოსამართლეთა გასაწყვეტია“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

ცნობისთვის, „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში შეტანილი ცვლილებები მედიის მიერ სასამართლო სხდომების გაშუქებასაც ეხება.

კანონპროექტში აღნიშნულია, რომ სასამართლოში (სასამართლოს შენობაში, სასამართლო სხდომის დარბაზში, სასამართლოს ეზოში) ფოტო, კინო, ვიდეოგადაღება და ტრანსლაცია დაუშვებელია, გარდა იმ შემთხვევის, როდესაც ამას ახორციელებს სასამართლო ან სასამართლოს მიერ უფლებამოსილი პირი.

პროექტში ნათქვამია, რომ სასამართლოს შეუძლია, გაავრცელოს თავის ხელთ არსებული სასამართლო პროცესის ფოტო-კინო და ვიდეოგადაღების მასალები, თუ ეს არ ეწინააღმდეგება კანონს. კანონპროექტში ასევე აღნიშნულია, რომ სასამართლო სხდომის ვიდეო და აუდიოჩაწერა დაიშვება მხოლოდ დასაბუთებული შუამდგომლობის საფუძველზე, მოსამართლის მიერ მიღებული მოტივირებული გადაწყვეტილებით.