1780585320
საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია კანადის პარლამენტის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო განვითარების კომიტეტის თავმჯდომარეს, აჰმედ ჰუსენს შეხვდა
კანადაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის დელეგაცია, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, კანადის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელის ნინო წილოსანის ხელმძღვანელობით, კანადის პარლამენტის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო განვითარების კომიტეტის თავმჯდომარეს, აჰმედ ჰუსენს შეხვდა.
მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებული დიპლომატიური ურთიერთობები მიმოიხილეს და ხაზი გაუსვეს თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობას როგორც პოლიტიკურ, ისე ეკონომიკურ დონეზე.
კანადის პარლამენტის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო განვითარების კომიტეტის თავმჯდომარემ აჰმედ ჰუსენმა კიდევ ერთხელ დაადასტურა კანადის მტკიცე მხარდაჭერა ორმხრივი კავშირების განვითარების მიმართ და აღნიშნა, რომ კანადა და საქართველო საერთო ფასეულობების მქონე მოკავშირეები არიან.
„ეს შეხვედრა ჩემთვის შესაძლებლობა იყო, დამედასტურებინა კანადასა და საქართველოს შორის არსებული მყარი დიპლომატიური ურთიერთობები. კანადა და საქართველო საერთო ღირებულებების მატარებლები არიან მსოფლიოში მშვიდობისა და უსაფრთხოების მხარდაჭერის საკითხში, განსაკუთრებით - სამხრეთ კავკასიაში. მოხარული ვარ, რომ შეხვედრა შედგა და ვიმედოვნებ, კანადასა და საქართველოს შორის ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდება“, - განაცხადა აჰმედ ჰუსენმა.
როგორც პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ ნინო წილოსანმა აღნიშნა, კანადის მხარეს დეტალური ინფორმაცია აქვს როგორც საქართველოს, ისე მთლიანად რეგიონში არსებული გეოპოლიტიკური მდგომარეობის შესახებ. მისი თქმით, კანადის მხარის დაინტერესება და ორმხრივი შეხვედრების დინამიკა იმედისმომცემ წინაპირობას ქმნის მომავალში პარტნიორობის ახალ ეტაპზე გადასასვლელად და კიდევ უფრო ნაყოფიერი თანამშრომლობის გასავითარებლად.
„კანადის პარლამენტის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო განვითარების კომიტეტის თავმჯდომარის, ისევე როგორც კანადის მთავრობის ინტერესი - განავითაროს ურთიერთობები საქართველოსთან არა მხოლოდ პოლიტიკურ, არამედ ეკონომიკურ დონეზე, ალბათ ყველაზე მთავარი გზავნილია“, - აღნიშნა ნინო წილოსანმა შეხვედრის დასრულებისას.
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მარიამ ლაშხის განცხადებით, ამ შეხვედრებს უკვე მოაქვს კონკრეტული შედეგები, მათ შორის, ეკონომიკური დიპლომატიის გაძლიერებისა და საქართველოში, წამყვან სექტორებში ინვესტიციების განხორციელების პერსპექტივით.
„ჩვენმა შეხვედრებმა ხელშესახები შედეგები გამოიღო. არსებობს დაინტერესება საქართველოში ინვესტიციების განხორციელების მიმართულებით. შეხვედრისას ვისაუბრეთ როგორც გეოპოლიტიკასა და ორმხრივ ურთიერთობებზე, ასევე ეკონომიკურ დიპლომატიასა და იმ კონკრეტულ პროექტებზე, რომლითაც კანადელი ინვესტორები და საინვესტიციო ფონდები დაინტერესდებიან. ეს არის როგორც IT მიმართულება, კიბერუსაფრთხოება, საგანმანათლებლო, ასევე საზღვაო ენერგეტიკის მიმართულებები“, - განაცხადა მარიამ ლაშხმა.
საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში არიან: პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანი, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხი, დიასპორის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ზარქუა და კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გოჩა ენუქიძე, სპორტის კომიტეტის თავმჯდომარე ვიქტორ სანიკიძე, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ხახუბია.
შეხვედრაში ასევე მონაწილეობდა კანადაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი სალომე ქურასბედიანი.











