1000 ლარი ოჯახებს მერიისგან - ვინ მიიღებს ბენეფიტს (დეტალები)
1769634041
საპარლამენტო დელეგაცია, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის ნიკოლოზ სამხარაძის ხელმძღვანელობით, ოფიციალურ ვიზიტად კორეის რესპუბლიკაში, სეულში იმყოფება.
ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები შედგა კორეის რესპუბლიკის საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებთან.
საქართველოს პარლამენტის დელეგაციის წევრები საგარეო საქმეთა და უნიფიკაციის კომიტეტის თავმჯდომარეს სოკი კიმს, ეროვნული თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს ილონგ სუნგს და ამ კომიტეტების წევრებს შეხვდნენ.
კორეის ეროვნულ ასამბლეაში შეხვედრა გაიმართა საქართველოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელთან, სუნგ გონ ვისთან და ჯგუფის წევრებთან.
კორეის რესპუბლიკის პარლამენტში გამართული შეხვედრებისას ყურადღება საქართველოსა და კორეის რესპუბლიკას შორის ორმხრივი ურთიერთობების შემდგომ განვითარებაზე გამახვილდა.
„შეხვედრებისას ვისაუბრეთ იმ დადებით დინამიკაზე, რომელიც ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების განვითარების მხრივ შეინიშნება. უკანასკნელ წლებში ხელი მოვაწერეთ რამდენიმე მნიშვნელოვან შეთანხმებას. დავასრულეთ მოლაპარაკებები ეკონომიკური პარტნიორობის შესახებ შეთანხმებაზე, რომელიც საქართველოსა და კორეის რესპუბლიკას შორის თავისუფალ ვაჭრობას შეუწყობს ხელს. ხელი მოეწერა შეთანხმებას საჰაერო მიმოსვლის შესახებ, რომელიც ქართულ და კორეულ ავიაკომპანიებს შესაძლებლობას მისცემს, პირდაპირი რეისები განახორციელონ თბილისი-სეულის მიმართულებით. გარდა ამისა, მიმდინარეობს მოლაპარაკებები ინვესტიციების დაცვის შესახებ შეთანხმების გაფორმებაზე“, - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.
შეხვედრებზე დადებითად შეფასდა ის ფაქტიც, რომ ყოველწლიურად იზრდება საქართველოში კორეელი ტურისტების რაოდენობა.
საუბრის ერთ-ერთ მნიშვნელოვან თემას საქართველოსა და კორეის რესპუბლიკის თანამშრომლობა წარმოადგენდა საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში.
განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა იმაზე, რომ კორეის რესპუბლიკა ყველა საერთაშორისო პლატფორმაზე მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, მათ შორის - „აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთი, საქართველო იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“ რეზოლუციას. თავის მხრივ, საქართველო თანასპონსორია კორეის რესპუბლიკის მიერ ინიციირებული რეზოლუციებისა, რომლებიც კორეის ნახევარკუნძულის დენუკლეარიზაციას ეხება.
„ვისაუბრეთ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ მძიმე ვითარებაზე. ასევე, იმ სამწუხარო ინციდენტზე, რომელიც შარშან კორეის რესპუბლიკის პარლამენტში მოხდა, როდესაც აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებმა შეხვედრა გამართეს კორეის რესპუბლიკის პარლამენტის ერთ-ერთ დეპუტატთან. კორეელმა კოლეგებმა წუხილი გამოთქვეს ამ ფაქტთან დაკავშირებით, დაგვიდასტურეს ქვეყნის ოფიციალური პოზიცია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის თაობაზე და აღნიშნეს, რომ მსგავსი შემთხვევა მომავალში აღარ განმეორდება“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.
მხარეებმა უსაფრთხოების საკითხები მიმოიხილეს, მათ შორის, შავი ზღვის რეგიონსა და კორეის ნახევარკუნძულზე მიმდინარე პროცესები და არსებული გლობალური გამოწვევები.
შეხვედრებზე მხარეებმა საერთაშორისო სამართლის პრინციპებისადმი ერთგულება დაადასტურეს და მზადყოფნა გამოთქვეს, საქართველოსა და კორეის რესპუბლიკას შორის სავაჭრო-ეკონომიკურ, კულტურულ და საგანმანათლებლო სფეროებში თანამშრომლობა გააქტიურდეს.
ქართულმა მხარემ კორეის რესპუბლიკის საპარლამენტო დელეგაცია საპასუხო ვიზიტით მოიწვია საქართველოში.
საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში არიან: პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ილია ინჯია, საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი, დიასპორის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ზარქუა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ნოდარ ტურძელაძე.