საქართველოს მთავრობა კატეგორიულად უარყოფს ანგარიშში მოცემულ დასკვნებსა და რეკომენდაციებს - განაცხადა ეუთო-ში საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა, ალექსანდრე მაისურაძემ

ალექსანდრე მაისურაძე

ეუთო-ში საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა, ალექსანდრე მაისურაძემ განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ „საქართველოს მთავრობა კატეგორიულად უარყოფს ანგარიშში მოცემულ დასკვნებსა და რეკომენდაციებს და თხოვნით მიმართავს ეუთო-ს და მის მონაწილე სახელმწიფოებს, სათანადოდ გაითვალისწინონ საქართველოს მთავრობის ვრცელ პასუხში გაჟღერებული სამართლებრივი არგუმენტები, მიღწევები და დეტალური განმარტებები.“

ელჩის თქმით, საქართველოს მიერ წარდგენილი პასუხი აერთიანებს ოფიციალურ პოზიციებსა და ადასტურებს, რომ საქართველო სრულად ასრულებს ეუთო-ს წინაშე ნაკისრ ვალდებულებებს.

„ეს პასუხი აერთიანებს საქართველოს ხელისუფლების ოფიციალურ განმარტებებსა და პოზიციებს ფაქტების დამდგენი მისიის ვარაუდებზე. ის ასევე განმარტავს ფაქტობრივ უზუსტობებს, ხაზს უსვამს უგულებელყოფილ კონტექსტს და ადასტურებს, რომ საქართველო სრულად ასრულებს ეუთო-ს წინაშე ნაკისრ ვალდებულებებსა და საერთაშორისო სტანდარტებს. ამ მასალების წარდგენით, ქართული მხარის მიზანი იყო, რათა ეუთო-ს მონაწილე სახელმწიფოებსა და დაინტერესებულ საერთაშორისო აქტორებს ჰქონოდათ წვდომა ყოვლისმომცველ ფაქტობრივ მასალაზე, რაც შესაძლებელს გახდიდა ქვეყნის მიერ ადამიანური განზომილების ფარგლებში ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ობიექტურ, დაბალანსებულ და მტკიცებულებებზე დაფუძნებული შეფასებას“.

ამასთან, ელჩი ყურადღებას ამახვილებს საქართველოს მიერ წარდგენილი მასალების გასაანალიზებლად დროის სიმცირეზე და საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ინსტიტუტების მავნე მიზნებისთვის გამოყენების მცდელობებზე.

„სამწუხაროა, რომ მონაწილე სახელმწიფოებს არ მიეცათ საკმარისი დრო საქართველოს მთავრობის მიერ წარდგენილი ვრცელი მასალების გასაანალიზებლად, მუდმივი საბჭოს სხდომამდე. დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება მონიტორინგის ან ფაქტების დადგენის ნებისმიერი პროცესის სანდოობისთვის. სამწუხაროა, რომ სულ უფრო ხშირად ვხედავთ საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ინსტიტუტების მავნე მიზნებისთვის გამოყენების მცდელობებს, რაც ძირს უთხრის მათ საიმედოობას და ინსტიტუციური ნეიტრალიტეტის მიმართ საზოგადოების ნდობას.“

ალექსანდრე მაისურაძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეუთო-ს მონაწილე ქვეყნებმა არ უნდა დაუშვან ორგანიზაციის პოლიტიკურ ინსტრუმენტად გამოყენება და უზრუნველყონ ექსპერტული მექანიზმების დამოუკიდებლობა და მანდატის ფარგლებში მოქმედება.

„ჩვენ არ უნდა დავუშვათ ეუთო-ს დაზიანება ამგვარი არასათანადო პრაქტიკის შედეგად ან მისი პოლიტიკურ ინსტრუმენტად გამოყენება. სწორედ ამიტომ, მიგვაჩნია, რომ აღნიშნულ საკითხებს სათანადო ყურადღება უნდა დაეთმოს მუდმივი საბჭოს მიერ. ასეთ მცდარ და მიკერძოებულ ანგარიშზე უარის თქმა აუცილებელი ნაბიჯია საერთაშორისო პროცესების სანდოობის დასაცავად. ექსპერტული მექანიზმების დამოუკიდებლობის, დაბალანსებულებისა და მანდატის ფარგლებში მოქმედების უზრუნველყოფა ყველა მონაწილე სახელმწიფოსა და თავად ორგანიზაციის ინტერესებშია.“

ქართულმა მხარემ კიდევ ერთხელ მოუწოდა ეუთო-ს და მის მონაწილე ქვეყნებს, გაითვალისწინონ საქართველოს მიერ წარდგენილი სამართლებრივი არგუმენტები.

„საქართველოს მთავრობა კიდევ ერთხელ მოუწოდებს ეუთო-ს და მის მონაწილე სახელმწიფოებს, სათანადოდ გაითვალისწინონ საქართველოს ხელისუფლების მიერ წარდგენილი სამართლებრივი არგუმენტები და არ გაიზიარონ ფაქტების დამდგენი მისიის მიერ მანდატის დარღვევით წარმოდგენილი სადაო დასკვნები და პოლიტიკურად მოტივირებული რეკომენდაციები.“