საქართველოს გენერალურმა აუდიტორმა, გიორგი გაბიტაშვილმა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა

გიორგი გაბიტაშვილი 

საქართველოს გენერალურმა აუდიტორმა, გიორგი გაბიტაშვილმა პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა.

როგორც გაბიტაშვილმა აღნიშნა, აუდიტის სამსახურის მიერ გაცემული რეკომენდაციების შესრულების შედეგად, ბიუჯეტში დაბრუნდა ზედმეტად გადახდილი თანხები, მობილიზებულ იქნა დამატებითი შემოსავლები, ხოლო ზოგიერთ შემთხვევაში, დაიზოგა საბიუჯეტო რესურსები.

ამასთან, მისივე თქმით, საანგარიშო პერიოდში ბიუჯეტში დაბრუნებული/დაზოგილი/დამატებით მობილიზებული თანხების ჯამურმა მოცულობამ 11.8 მლნ ლარი შეადგინა.

„2025 წელს ჩავატარეთ 44 აუდიტი, მათ შორის: ხუთი − ფინანსური, 26 − შესაბამისობის, სამი − უწყებათაშორისი შესაბამისობის და ათი ეფექტიანობის აუდიტი. ჩატარებული ფინანსური აუდიტებით დავფარეთ 28.5 მლრდ ლარზე მეტი, რაც ნაერთი ბიუჯეტის 95%-ია.

საერთო ჯამში, 2025 წელს 36.5 მლნ ლარი შეადგინა ჩატარებული აუდიტებით გამოვლენილი დარღვევების თანხობრივმა მაჩვენებელმა, რომელიც სისტემური ხასიათის ნაკლოვანებებს მოიცავს და ძირითადად უკავშირდება საბიუჯეტო რესურსების არაეფექტიანი, არაეკონომიური და არამიზნობრივი გამოყენების შემთხვევებს, ასევე შესყიდვებისა და აქტივების მართვასთან დაკავშირებულ საკითხებს. ამასთან, აუდიტის სამსახურის მიერ გაცემული რეკომენდაციების შესრულების შედეგად, ბიუჯეტში დაბრუნდა ზედმეტად გადახდილი თანხები, მობილიზებულ იქნა დამატებითი შემოსავლები, ხოლო ზოგიერთ შემთხვევაში, დაიზოგა საბიუჯეტო რესურსები. საანგარიშო პერიოდში ბიუჯეტში დაბრუნებული/დაზოგილი/დამატებით მობილიზებული თანხების ჯამურმა მოცულობამ 11.8 მლნ ლარი შეადგინა.

სამსახურის მიერ ჩატარებული რეალურ დროში აუდიტების ფარგლებში განხორციელებული შესწავლის შედეგად, სატენდერო დოკუმენტაციაში არსებული ხარვეზებისა და არასწორად განსაზღვრული საჭიროებების გამო, შეწყდა 9.2 მლნ ლარის ღირებულების ტენდერი. შესაბამისად, თავიდან იქნა აცილებული საბიუჯეტო რესურსის არაეკონომიური გამოყენება.

2025 წელს მაღალი რისკის შემცველი გარემოებებიდან გამომდინარე, შემდგომი რეაგირებისთვის პროკურატურას გადაეგზავნა 17 აუდიტის ანგარიში/კონკრეტული ინფორმაცია. აქედან ოთხი საკითხი დაერთო უკვე მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეს, ხოლო 13 შემთხვევაში დაიწყო გამოძიება ახალ სისხლის სამართლის საქმეზე. პროკურატურაში გადაგზავნილი მასალები თანხობრივ გამოხატულებაში 80 მლნ ლარს შეადგენს“, – აღნიშნულია ანგარიშში.

გაბიტაშვილის თქმით, 2025 წელს ჩატარებული აუდიტების შედეგად გამოვლინდა სისტემური ხასიათის საკითხები და გამოწვევები.

„ფინანსური აუდიტი – როგორც მოგეხსენებათ, ფინანსური აუდიტის ფარგლებში სახელმწიფო აუდიტის სამსახური ამოწმებს და აფასებს საჯარო დაწესებულების ფინანსურ ანგარიშგებას და გასცემს მოსაზრებას ანგარიშგების სისრულესა და სიზუსტეზე. 2025 წელს ჩატარებული ხუთი ფინანსური აუდიტიდან უპირობო მოსაზრება გაიცა მხოლოდ ერთ შემთხვევაში, პირობითი მოსაზრება – სამ შემთხვევაში და ერთი მოსაზრება იყო უარყოფითი.

2025 წელს სახელმწიფო აუდიტის სამსახური ინსტიტუციური განვითარების ახალ საფეხურზე გადავიდა და პირველად განახორციელა სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციების კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგების აუდიტი, ნაცვლად ინდივიდუალური სამინისტროების ფინანსური აუდიტისა. აღნიშნულის შედეგად ნაერთი ბიუჯეტის თანხობრივი დაფარვის მაჩვენებელი 95%-მდე გაიზარდა და შესაძლებელი გახდა აუდიტის საერთაშორისო სტანდარტებითა და შეფასებებით განსაზღვრული მოთხოვნების სრულად დაკმაყოფილება, მათ შორის, ისეთი მნიშვნელოვანი ინსტრუმენტების ფარგლებში, როგორებიცაა, უმაღლესი აუდიტორული ორგანიზაციების საქმიანობის შეფასების ჩარჩო (SAI-PMF),  საერთაშორისო სავალუტო ფონდის ფისკალური გამჭვირვალობის შეფასება და PEFA-ს შეფასება. აღნიშნული მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია, რის შედეგადაც სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ფინანსური აუდიტის არსებული პრაქტიკა სრულ შესაბამისობაში მოვიდა უმაღლესი აუდიტორული ორგანიზაციების საერთაშორისო  სტანდარტების მოთხოვნებთან.

საანგარიშო პერიოდში ჩატარებული ფინანსური აუდიტების ფარგლებში გამოვლენილი გარემოებები აჩვენებს, რომ საჯარო სექტორში ფინანსური აღრიცხვა­ანგარიშგების პროცესი გამოწვევებით ხასიათდება, რაც ამ მიმართულებით მუშაობის გაგრძელების საჭიროებაზე მიუთითებს. კერძოდ, ფინანსური აუდიტების შედეგად სისტემური ნაკლოვანებები იქნა იდენტიფიცირებული შემდეგი მიმართულებებით:

არაფინანსური აქტივების აღრიცხვა-ანგარიშგება, რაც გამოიხატება აღურიცხავი, ნულოვანი ღირებულებით აღრიცხული, დაზიანებული ან გამოუყენებელი აქტივების არსებობაში;

ექსპლუატაციისთვის გამოუსადეგარი მატერიალური მარაგების არსებობა;

ფინანსური აქტივების აღრიცხვის საკითხი, მათ შორის დებიტორული და კრედიტორული დავალიანებების მართვა;

წილობრივ ინსტრუმენტებში ინვესტიციების აღრიცხვა-ანგარიშგება;

ერთიანი სააღრიცხვო პოლიტიკის არარსებობა, რაც ვერ უზრუნველყოფს შიდაჯგუფური ოპერაციების ელიმინირებების შესრულებას. ასევე, სააღრიცხვო პოლიტიკის არარსებობა საბიუჯეტო ორგანიზაციების დონეზე;

სასამართლო დავებისა და სხვა პირობითი ვალდებულებების აღრიცხვა-ანგარიშგება;

სავალდებულო ინვენტარიზაციის ჩატარება;

ფინანსური აღრიცხვის სპეციალიზებული საინფორმაციო სისტემების გამოუყენებლობა საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ.

 

შესაბამისობის აუდიტი – რაც შეეხება შესაბამისობის აუდიტს, 2025 წელს ჩავატარეთ 29 შესაბამისობის აუდიტი, რომლის ფარგლებშიც დაიფარა 3.2 მლრდ ლარი.

აუდიტის სამსახურის პრიორიტეტული მიმართულებაა საჯარო სექტორში არსებული სისტემური ხასიათის ნაკლოვანებების იდენტიფიცირება და შესაბამისი რეკომენდაციების გაცემა. ამ მიზნით სამსახური იყენებს სისტემური, ე.წ. უწყებათაშორისი შესაბამისობის აუდიტის ინსტრუმენტს, რომლის ფარგლებშიც თემატურად იფარება ათეულობით საბიუჯეტო ორგანიზაცია, განსხვავებით ტრადიციული შესაბამისობის აუდიტისა. აღნიშნული აუდიტის შედეგად გამოვლენილი საკითხები საერთოა საჯარო უწყებების უმრავლესობისთვის და ხშირ შემთხვევაში მათი აღმოფხვრა სცდება ცალკეული ორგანიზაციების უფლებამოსილებას. შესაბამისად, სისტემური შესაბამისობის აუდიტი ზრდის აუდიტის შედეგად მოტანილ სარგებელს მისი მასშტაბის ეფექტიდან გამომდინარე. 2025 წელს ჩავატარეთ სამი უწყებათაშორისი შესაბამისობის აუდიტი, რომელთა ფარგლებშიც შესწავლილ იქნა საჯარო უწყებების ადმინისტრაციული ხარჯები სახელმწიფოს ყველა დონეზე.

აუდიტის სამსახურის კიდევ ერთი სტრატეგიული მიმართულებაა სახელმწიფო საწარმოების აუდიტი. სამსახურის გაცხადებული მიზანია, სტრატეგიის პერიოდში (2023-2027 წლებში) განახორციელოს 20 მსხვილი სახელმწიფო საწარმოს აუდიტი. მხოლოდ 2025 წელს სამსახურმა ჩაატარა შვიდი სახელმწიფო საწარმოს ინდივიდუალური შესაბამისობის აუდიტი, სამი სისტემური შესაბამისობის და ერთი ეფექტიანობის აუდიტი სახელმწიფო საწარმოებში. შედეგად, ჩვენ უკვე 2025 წლის ბოლოს მივუახლოვდით 2027 წლისთვის სტრატეგიით დაგეგმილ მიზნობრივ ნიშნულს.

შესაბამისობის აუდიტების ფარგლებში სამსახურის მიერ გამოვლენილი ნაკლოვანებები შესაძლებელია დაჯგუფდეს ოთხი ძირითადი სისტემური მიმართულებით:

სახელმწიფო შესყიდვების მართვა და მასთან დაკავშირებული საკითხები – მოიცავს საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ განხორციელებული შესყიდვების სხვადასხვა ეტაპზე გამოვლენილ მიგნებებს;

სახელმწიფო აქტივების მართვა – მოიცავს უწყებების მართვაში არსებული აქტივების გამოყენებასთან დაკავშირებულ საკითხებს;

ორგანიზაციული და პერსონალის მართვა – მოიცავს ორგანიზაციების შიდა მმართველობასა და ადამიანური რესურსების მართვასთან დაკავშირებულ საკითხებს;

საბიუჯეტო რესურსის მართვა – მოიცავს საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ ბიუჯეტის მართვასთან, მათ შორის ბიუჯეტის დაგეგმვასა და შესრულებასთან დაკავშირებულ საკითხებს.

ეფექტიანობის აუდიტი – აუდიტის სამსახურის პრიორიტეტული და სტრატეგიული მიმართულებაა ეფექტიანობის აუდიტი, რომელიც შეისწავლის სახელმწიფო პროგრამებისა და პროექტების ფარგლებში მიღწეული შედეგებისა და ამ პროცესში საბიუჯეტო რესურსის გამოყენების ეკონომიურობას, ეფექტიანობასა და პროდუქტიულობას. ეფექტიანობის აუდიტის რეკომენდაციების შესრულება ხელს უწყობს საჯარო მმართველობის ხარისხის გაუმჯობესებას.

2025 წელს ჩავატარეთ 10 ეფექტიანობის აუდიტი და შევისწავლეთ ისეთი საკითხები, რომლებიც განსაკუთრებულად აქტუალურია ჩვენი საზოგადოებისთვის. კერძოდ, აუდიტებით დაიფარა სოციალური, ჯანდაცვის, განათლების, გარემოს დაცვისა და საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების სექტორები.

აუდიტის შედეგებიდან გამომდინარე გავეცით მნიშვნელოვანი რეკომენდაციები, რომელთა დეტალური განხილვა ასევე მოხდება საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტთან არსებული აუდიტის ჯგუფის ფარგლებში. ვფიქრობთ, რომ რეკომენდაციების შესრულება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საჯარო მმართველობის ზოგიერთ სფეროში ეფექტიანობის ამაღლებას.

დონორების აუდიტები – აუდიტორული საქმიანობის კუთხით შევეხები კიდევ ერთ მნიშვნელოვან მიმართულებას – საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ დაფინანსებული პროექტების აუდიტს. 2018 წლიდან აუდიტის სამსახური საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ დაფინანსებული პროექტების აუდიტორია ჩვენს რეგიონში. ვთვლით, რომ საერთაშორისო ორგანიზაციების აღიარება  ჩვენს მიერ ჩატარებული აუდიტების მაღალ ხარისხსა და სტანდარტზე მიუთითებს.

2025 წელს ჩვენ ჩავატარეთ მსოფლიო ბანკის მიერ დაფინანსებული მსხვილი პროექტის − „საქართველოს ადამიანური კაპიტალის პროგრამის“ ფინანსური აუდიტი და ასევე, განვახორციელეთ პროგრამის ფარგლებში დაგეგმილი შედეგებისა და ინდიკატორების მიღწევის დამოუკიდებელი ვერიფიკაცია. სწორედ, აუდიტის სამსახურის ვერიფიკაციის ანგარიშის საფუძველზე მსოფლიო ბანკის მხრიდან მიიღება გადაწყვეტილება პროექტით გათვალისწინებული დაფინანსების ქვეყნისთვის გამოყოფის შესახებ. 2025 წელს აუდიტის სამსახურმა მოამზადა მესამე ვერიფიკაციის ანგარიში, რომელიც  დაერთო აუდიტის სამსახურის მოხსენებას „საქართველოს 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის შესახებ“. ახლახან წარმატებით დასრულდა მიმდინარე მოლაპარაკებები აზიის განვითარების ბანკთან, რის შედეგადაც სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა დაიწყო საფინანსო ინსტიტუტის მიერ დაფინანსებული ერთი კაპიტალური პროექტის აუდიტი. აღნიშნული თანამშრომლობა გაგრძელდება შემდგომ წლებშიც.

რეკომენდაციების შესრულება – რაც შეეხება აუდიტის სამსახურის რეკომენდაციებს, 2020-2025 წლებში გაიცა 3,200-ზე მეტი რეკომენდაცია. რეკომენდაციების 79% სრულად ან ნაწილობრივად არის შესრულებული, 11% – მიმდინარეა, ხოლო 10% – შეუსრულებელია. რეკომენდაციების შესრულების დადებითი ტენდენცია შეინიშნება ცენტრალური ხელისუფლების დონეზე გაცემულ რეკომენდაციებზე, რომელიც ბოლო ხუთი წლის განმავლობაში 47%-დან 61%-მდე გაიზარდა. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ამას ხელი შეუწყო პარლამენტთან მჭიდრო კოორდინაციამ და ანგარიშების აუდიტის ჯგუფის ფორმატში ინტენსიურმა განხილვამ.

გამოწვევად რჩება მუნიციპალიტეტებზე გაცემული რეკომენდაციების შესრულების მდგომარეობა, სადაც რეკომენდაციების მხოლოდ 36%-ია შესრულებული, ნაწილობრივ შესრულებულია – 43%, მიმდინარეა – 6%, ხოლო შეუსრულებელია – 15%.

ვფიქრობ, ასევე საინტერესოა სტატისტიკა აუდიტის სახეობების მიხედვით რეკომენდაციების შესრულების კუთხით. შესრულების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აქვს ფინანსური აუდიტების ფარგლებში გაცემულ რეკომენდაციებს – 61%, ხოლო ყველაზე დაბალი ეფექტიანობის აუდიტის რეკომენდაციებს – 30%. აღნიშნული მნიშვნელოვანწილად განპირობებულია ეფექტიანობის აუდიტების შინაარსიდან გამომდინარე რეკომენდაციების შესრულების მეტი სირთულითა და შესრულების პროცესის ხანგრძლივობით.

პარლამენტთან ურთიერთობა – პარლამენტთან თანამშრომლობის კუთხით, მინდა აღვნიშნო, რომ აუდიტის სამსახურისთვის მნიშვნელოვანი პლატფორმაა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტთან არსებული აუდიტის ჯგუფი. 2025 წელს ჯგუფმა განიხილა 31 აუდიტის ანგარიში, რაც ისტორიულად მაღალი მაჩვენებელია. განხილული აუდიტებიდან ათი − ფინანსურია, ცხრა − შესაბამისობის და 12 ეფექტიანობის.

საჯარო ფინანსების მართვის სფეროში საზედამხედველო როლის გაძლიერებისა და ჩვენი რეკომენდაციების უკეთ შესრულების მიზნით, პარლამენტსა და მის კომიტეტებთან მჭიდრო თანამშრომლობა აუდიტის სამსახურის პრიორიტეტად რჩება.

საჯარო აუდიტის ინსტიტუტი – სახელმწიფო აუდიტის სამსახური აქტიურად იყენებს თავის გამოცდილებასა და რესურსს საჯარო მოხელეთა კვალიფიკაციის ამაღლებისათვის. სსიპ − საჯარო აუდიტის ინსტიტუტის ტრენინგ-კურსები ფარავს საბიუჯეტო ორგანიზაციებისთვის აქტუალურ საკითხებს და მიზნად ისახავს მოხელეთა პროფესიული განვითარებით საჯარო უწყებების ეფექტიანობის ზრდას.

2025 წელს ინსტიტუტის მიერ განხორციელებულ 37 სასწავლო ღონისძიებასა და ტრენინგში, საერთო ჯამში მონაწილეობა მიიღო 1 131-მა მსმენელმა. გასულ წელს ინსტიტუტმა მოიპოვა საგანმანათლებლო ორგანიზაციების მართვის სისტემის სერტიფიკატი (ISO 21001:2018). აღნიშნული მიღწევა ხაზს უსვამს ინსტიტუტის შესაბამისობას სწავლების ხარისხის საერთაშორისო კრიტერიუმებთან.

სამსახურის ფინანსები – და ბოლოს, რაც შეეხება სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ფინანსებს. როგორც მოგეხსენებათ, ჩვენი ფინანსური ანგარიშგების აუდიტს ატარებს პარლამენტის მიერ შერჩეული მსოფლიოს ოთხი უმსხვილესი კერძო აუდიტორული კომპანიიდან ერთ-ერთი.

2025 წლის ფინანსური აუდიტი ჩაატარა „ფრაისუოთერჰაუსკუპერს საქართველომ“ (PwC). სამსახური ზედიზედ მერვე წელია იღებს უპირობო დასკვნას, რაც ნიშნავს, რომ ჩვენი ფინანსური ანგარიშგება მომზადებულია კანონმდებლობის სრული დაცვით.

ცნობისთვის, 2025 წელს განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებებით, ანტიკორუფციული ბიუროს და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის გაუქმების შედეგად, 2026 წლის 2 მარტიდან, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის საზედამხედველო და ანტიკორუფციული ბიუროს პრევენციული ფუნქციების უმეტესობა გადაეცა სახელმწიფო აუდიტის სამსახურს. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ცნობით, გაიზარდა აუდიტის სამსახურის მანდატი და ინსტიტუციური როლი; ამასთან, სამსახურს მიეცა შესაძლებლობა, უფრო კომპლექსურად მართოს საჯარო სექტორში არსებული რისკები. არსებული მდგომარეობით, დასრულებულია ორგანიზაციული შერწყმის პროცესი და ახალი ფუნქციები სრულად ინტეგრირებულია სამსახურის სამუშაო გარემოში.