საქართველოს არჩევნებში ჩარევის ინტერესი დიდია - ეს წნეხი რომ გამოვაცალოთ ემიგრანტებს, ამიტომ არის ეს გადაწყვეტილება მიღებული, რათა უცხო იურისდიქციაში ვინმემ არ სცადოს მათი იარაღად გამოყენება საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ - შალვა პაპუაშვილი

პაპუაშვილი

წნეხი რომ გამოვაცალოთ ჩვენს ემიგრანტებს, ამიტომ იქნა ეს გადაწყვეტილება მიღებული, რათა უცხო იურისდიქციაში ვინმემ არ სცადოს მათი იარაღად გამოყენება საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ მათზე ზეწოლით, - განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა „საარჩევნო კოდექსთან“ დაკავშირებით.

მისივე თქმით, მოსალოდნელია რომ წნეხი ჩვენს ემიგრანტებზე კიდევ უფრო გაიზრდება, ვიდრე იყო შარშან.

„რაც ბოლო პერიოდში მოვისმინეთ, ნიშანდობლივია, რომ კოდექსის დებულებების 99%-ის მიმართ შენიშვნა არ აქვთ. ეს უკვე კარგია. საჭიროება იყო ახალი კოდექსის, ვინაიდან ძველი კოდექსი ცვლილებების გამო, უკვე ტექსტი თავადაც გართულებული იყო, ამიტომ დიდი კრიტიკა არ ისმის. ერთადერთი საკითხი, რასაც რადიკალური ოპოზიცია ცდილობს წარმოადგინოს, გახლავთ საზღვარგარეთ საარჩევნო უბნების გახსნა-არგახსნის საკითხი. ამის არგუმენტებიც საკმაოდ ნათელია და ამის საპირწონედ ოპოზიციამ ვერაფერი მოიყვანა. ჩვენ კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ ჩვენი იურისდიქციის მიღმა ჩვენი მოქალაქეების მიერ ნების თავისუფლად გამოხატვაზე პასუხისმგებლობას ვერ ავიღებთ. ეს არის ჩვენი კონსტიტუციური ვალდებულება.

ვატყობთ, რომ საქართველოს არჩევნებში ჩარევის ინტერესი დიდია. შარშან ვნახეთ ელჩებისა და სხვადასხვა ქვეყნის ლიდერის უხეში ჩარევა არჩევნებში. ამიტომ, მოსალოდნელია, რომ ეს წნეხი ჩვენს ემიგრანტებზე კიდევ უფრო გაიზრდება, ვიდრე იყო შარშან, როდესაც გერმანიის მაღალი თანამდებობის პირი, ბუნდესტაგის კომიტეტის თავმჯდომარე თავად იყო ჩართული გერმანიის ტერიტორიაზე ამომრჩევლის ნებაზე გავლენის მოხდენაში.

ეს ყველაფერი მოიმატებს, მზარდი იქნება და ეს წნეხი რომ გამოვაცალოთ ჩვენს ემიგრანტებს, ამიტომ იქნა ეს გადაწყვეტილება მიღებული, რათა უცხო იურისდიქციაში ვინმემ არ სცადოს მათი იარაღად გამოყენება საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ მათზე ზეწოლით“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მმართველი გუნდის ინიციატივის მიხედვით, როგორც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე, ისევე საქართველოს პარლამენტის არჩევნებზეც ხმის მიცემა შესაძლებელი იქნება მხოლოდ საქართველოს სახელმწიფო საზღვრებში.