საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა დაჯი კოვზირიძის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობის საკითხს მხარი დაუჭირა

საპროცედურო საკითხთა კომიტეტი

საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა პარლამენტის გამოკლებული წევრის, რუსუდან თევზაძის ადგილმონაცვლის, დაჯი კოვზირიძის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობის საკითხი განიხილა, - ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

როგორც საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ დავით მათიკაშვილმა განაცხადა, ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ მიწოდებული მასალების საფუძველზე მიზანშეწონილია, პარლამენტმა პოლიტიკური გაერთიანება „გახარია საქართველოსთვის“ წევრის, დაჯი კოვზირიძის პარლამენტის წევრის უფლებამოსილება ცნოს.

„კომიტეტის წევრებმა განხილულ საკითხს მხარი დაუჭირეს.

საკანონმდებლო ორგანომ რუსუდან თევზაძეს პარლამენტის წევრის უფლებამოსილება ვადამდე 25 ნოემბერს, პლენარულ სხდომაზე შეუწყვიტა პირადი განცხადების საფუძველზე.

დღეს კომიტეტმა ასევე განიხილა არანაკლებ 25 000 ამომრჩევლის ინიციატივით, „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონპროექტის წარდგენის უფლების განხორციელების მიზნით შექმნილი საქართველოს მოქალაქეების საინიციატივო ჯგუფის რეგისტრაციის საკითხი.

როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ განაცხადა, საკითხის შესწავლის შედეგად, დადგინდა, რომ საინიციატივო ჯგუფის განცხადება და თანდართული მასალები პარლამენტის რეგლამენტის 123-ე მუხლის პირველი და მე-2 მუხლის მოთხოვნათა დაცვით არის წარდგენილი.

აქედან გამომდინარე, კომიტეტმა მიზანშეწონილად მიიჩნია აღნიშნული ჯგუფის რეგისტრაცია.

საინიციატივო ჯგუფს გადაეცემა სარეგისტრაციო მოწმობა და კომიტეტის მიერ კანონპროექტის მხარდამჭერთა ხელმოწერების შესაგროვებლად დადგენილი ფორმის ნიმუში“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.