სამდღიანი შიმშილობის მიუხედავად, არჩევნებში მონაწილეობაზე უარს მხარს არ უჭერს არც „ლელო”, არც გახარია, სავარაუდოდ, არც „გირჩი” - ვლადიმერ ბოჟაძე

ვლადიმერ ბოჟაძე

ალბათ, ასეთი აქცია არასდროს ჩატარებულა, როცა ოპოზიციამ ოპოზიციას მოთხოვნები წაუყენა, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს „ქართული ოცნების“ წევრმა, ვლადიმერ ბოჟაძემ განუცხადა.

უმრავლესობის დეპუტატი რვა ოპოზიციური პარტიის განცხადებას გამოეხმაურა იმის შესახებ, ისინი უარს ამბობენ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობაზე.

„სინამდვილეში, ეს ის პოლიტიკური პარტიები არიან, ვინც თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას ისედაც არ აპირებდნენ, რადიკალური ოპოზიციის ნაწილი იგულისხმება, რომელიც იმას დათანხმდა, რომ არჩევნებში მონაწილეობა არ მიიღონ. როგორც ჩანს, ეს ერთადერთი მიზნისთვის იყო გათვლილი, რომ როგორმე, 29 ივნისის  აქცია მაღალრიცხოვანი ყოფილიყო, სხვა ამოცანა ამას არ ჰქონდა ისევე, როგორც კიდევ ერთი გამამართლებელი მიზეზი გაჩნდა, თუ რატომ არ აპირებს, რადიკალური ოპოზიციის ნაწილი არჩევნებში მონაწილეობის მიღებას. სამდღიანი შიმშილობის მიუხედავად, ამ ყველაფერს მხარს არც „ლელო”  უჭერს, არც გახარია, სავარაუდოდ, არც „გირჩი”. დაველოდოთ, დანარჩენი პოლიტიკური პარტიები რა გადაწყვეტილებას მიიღებენ“, – განაცხადა ბოჟაძემ.

მისი თქმით, 4 ოქტომბერს არჩევნები ჩატარდება ღია, გამჭვირვალე გარემოში და ყველას ექნება საშუალება, მხარი დაუჭიროს იმ პოლიტიკურ ძალას, რომელიც თავად ჩათვლის საჭიროდ.

რვა ოპოზიციურმა პარტიამ განაცხადა, რომ უარს ამბობს ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობაზე, რის შემდეგაც ელენე ხოშტარიამ და გედევან ფოფხაძემ შიმშილობა შეწყვიტეს.