სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა გაეროსთან აკრედიტებულ ელჩებთან შეხვედრა გამართა

შეხვედრა

სახელმწიფო მინისტრმა ხაზი გაუსვა გაეროსთან აკრედიტებული ქვეყნების მუდმივი წარმომადგენლების საქართველოში ვიზიტისა და გაეროს ფარგლებში ნაყოფიერი თანამშრომლობის მნიშვნელობას. თეა ახვლედიანმა ელჩებს მადლობა გადაუხადა საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისთვის.

სახელმწიფო მინისტრმა უცხოელ დიპლომატებს გააცნო სახელმწიფო პოლიტიკის პრიორიტეტები როგორც ოკუპირებული რეგიონების მიმართ შერიგებისა და ჩართულობის კუთხით, ისე ეთნიკური უმცირესობების მიმართ სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის მიმართულებით.

თეა ახვლედიანმა მიმოიხილა საქართველოს მთავრობის სამშვიდობო პოლიტიკის ცალკეული განზომილებები. ისაუბრა შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის, მათ შორის სამშვიდობო ინიციატივის „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ განხორციელების პროცესზე, რაც კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესებასა და ხელოვნურად გაყოფილ საზოგადოებას შორის საერთო ინტერესებზე დაფუძნებული დიალოგისა და ნდობის აღდგენის გაღრმავებას ისახავს მიზნად.

განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებათა კუთხით არსებულ ვითარებაზე, ასევე, სახელმწიფო მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მიმდინარე ოკუპაციის შედეგების გათვალისწინებით, იძულებით გადაადგილებულ პირებს და ლტოლვილებს ამ დრომდე არ ეძლევათ საკუთარ სახლებში უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების უფლება.

თავის მხრივ, ელჩებმა დიდი ინტერესი გამოხატეს საქართველოს მთავრობის სამშვიდობო პოლიტიკისა და მისი გატარების გამოცდილების მიმართ, მადლობა გადაუხადეს სახელმწიფო მინისტრს განმარტებებისა და ამომწურავი ინფორმაციის მიწოდებისთვის.